23 დეკემბერი 2024,   04:06
ვრცლად
მივიღეთ გადაწყვეტილება, სათამაშო ბიზნესს გადასახადები გავუზარდოთ - ირაკლი ღარიბაშვილი

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა, რომ სათამაშო ბიზნესი დაიბეგრება მოგების 15-პროცენტიანი განაკვეთით, ნაცვლად დღეს არსებული 10 პროცენტისა. მისივე თქმით, სათამაშო ბიზნესიდან თანხის გატანა დაიბეგრება 5 პროცენტით, დღეს მოქმედი 2 პროცენტის ნაცვლად

როგორც ირაკლი ღარიბაშვილმა აღნიშნა, ცვლილებები ბიუჯეტში დამატებით 400 მილიონ ლარს მოიტანს.

"საპარლამენტო უმრავლესობას წარვუდგინეთ ახალი ინიციატივა, სათამაშო ბიზნესის დაბეგვრის განაკვეთი უნდა შეცვალოთ და გეგმის მიხედვით, ახალი ინიციატივით, სათამაშო ბიზნესი დაიბეგრება მოგების 15-პროცენტიანი განაკვეთით, ნაცვლად დღეს არსებული 10 პროცენტისა, ხოლო სათამაშო ბიზნესიდან თანხის გატანა დაიბეგრება 5 პროცენტით, დღეს მოქმედი 2 პროცენტის ნაცვლად. მინდა, საზოგადოებას ვაცნობო, რომ აღნიშნული ცვლილებები ბიუჯეტში დამატებით მოიტანს 400 მილიონ ლარს. 300 მილიონი ბანკებიდან, 400 მილიონი სათამაშო ბიზნესიდან, ცვლილების შედეგად, ჯამში 700 მილიონი შემოსავლები გვექნება 2024 წელს.

აქვე მინდა, გაკვირვება გამოვხატო, ძალიან სამწუხაროა ის ფაქტი, რომ სათამაშო ბიზნესის ბრუნვა იზრდება. მე ნამდვილად არ მიხარია. ძალიან ბევრი მოქალაქე ჯერ კიდევ არის ჩართული ამ სათამაშო ბიზნესში. ცნობისათვის, 2022 წელს 48 მილიარდიდან 52 მილიარდ ლარამდე გაიზარდა სათამაშო ბიზნესის მთელი ბრუნვა, რაც კატასტროფული მაჩვენებელია. ამდენი ადამიანი ჯერ კიდევ არის ჩართული სათამაშო ბიზნესი.

იცით, რომ ჩვენ შარშან გავაკეთეთ მნიშვნელოვანი ცვლილებები, როცა ავკრძალეთ რეკლამა და 25 წლამდე შევუზღუდეთ ჩვენს მოქალაქეებს სათამაშო ბიზნესში მონაწილეობა. ავტომატურად მილიონ 500 ათას მოქალაქეს შეეზღუდა სათამაშო ბიზნესი მონაწილეობა. ამის მიუხედავად, ვხედავთ, რომ საკმაოდ ბევრი მოქალაქეა ჩართული სათამაშო ბიზნესში. მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ გავუზარდოთ გადასახადები ამ ბიზნესს და დამატებით 400 მილიონი ლარი იქნება ამოღებული მომდევნო წელს," – განაცხადა ღარიბაშვილმა. 

დღის ამბები