09 ივლისი 2024,   02:05
ვრცლად
დასახლება, რომელიც პირველი იყო თავდასხმისას, ცხედრებისგან გაწმინდეს , თუმცა დარჩენილია ბევრი დეტალი, რაც ჰამასის" სისასტიკეს აღწერს  - P.S-ის სპეციალური რეპორტაჟი ისრაელიდან

სოფელი ქაფაზა, იგივე კიბუცი, ერთ-ერთია იმ დასახლებებს შორის,  რომელიც 7 ოქტომბერს თავდასხმის პირველი სამიზნე გახდა. ამას ვერ ვუწოდებთ საომარ მოქმედებებს, რადგან აქ არ იყო ორი მხარე, აქ იყვნენ "ჰამასის" მებრძოლები, ხოლო მეორე მხარეს იდგა მშვიდობიანი მოსახლეობა. მოკლეს ასობით ადამიანი, გაიტაცეს ათეულობით პირი, რომლებიც ამჟამადაც "ჰამასის" მებრძოლების ტყვეობაში რჩებიან.

"ჰამასის" მებრძოლებმა სხვადასხვა სატრანსპორტო საშუალებებით გადმოკვეთეს სასაზღვრო ზოლი და შევიდნენ დასახლებაში. გამყოფი ხაზი ძალიან ახლოსაა საცხოვრებელ სახლებთან, ეს არის ერთ-ერთი მიზეზი, რატომაც ვერ მოასწრო მოსახლეობამ დროულად ევაკუაცია, მათ არ ჰქონდათ დრო.

მიუხედავად იმისა, რომ 7 ოქტომბრის შემდეგ დრო გავიდა, ტერიტორიაზე, სადაც "ჰამასის" მებრძოლები შევიდნენ, კვლავ დგას სუნი, მას "სიკვდილის სუნს" უწოდებენ, რადგან ამ დრომდე დარჩენილია სისხლისა და ცხედრების ნაწილები.

დასახლება, რომელიც პირველი იყო თავდასხმისას, ცხედრებისგან გაწმინდეს , თუმცა დარჩენილია ბევრი დეტალი, რაც აღწერს "ჰამასის" მიერ ჩადენილ სისასტიკეს. სახლებში დარჩენილია ტყვიის მასრები, რომლებსაც ტერორისტები მოსახლეობას საკუთარ სახლებში ესროდნენ. "ჰამასის" წევრები ხოცავდნენ ბავშვებს და ამას მშობლებს აყურებინებდნენ, ან პირიქით.

ამ სიტუაციაში, ძალიან რთულია შეადარო ერთმანეთს, თუ ვის უფრო მეტად უმძიმს - მათ, ვისაც დაეღუპათ ოჯახის წევრები, ვინც საკუთარ თავზე გამოსცადა სტრესი, თუ ადამიანები, რომლის ახლობლებიც დაატყვევეს "ჰამასის" მებრძოლებმა და ამ დრომდე გატაცებული ჰყავთ. თელავივის მოედანზე დადგეს ცარიელი მაგიდა იმის ნიშნად, რომ გატაცებულებს სახლში ელოდებიან.

ისრაელში, ყოველი ფეხის ნაბიჯზე შეხვდებით სამოქალაქო პირებს, რომლებსაც თან იარაღი დააქვთ. ფაქტია, რომ ამ ომის მოკლე ვადებში დასრულების პროგნოზი არავის არ აქვს. ფაქტია, რომ ომი გრძელდება და ასევე ფაქტია, რომ მან უკვე მოიტანა ძალიან დიდი მსხვერპლი და პრობლემა, რომელიც ამ დრომდე გადაუჭრელი რჩება.

დღის ამბები