09 ივლისი 2024,   03:39
ვრცლად
ლევილის მამულში გუშაგის სახლის რეაბილიტაციის ბოლო ეტაპი და სახელოვნებო რეზიდენციების კეთილმოწყობა დასრულდა

ლევილის ქართველთა მამულში წარმატებით დასრულდა ნამეტია გოგუაძის საცხოვრისის (ამჟამად ე. წ. გუშაგის სახლი) სახურავის რეაბილიტაცია, ახალი კრამიტით გადახურვა და სახურავის აღდგენა ისტორიული სახით, ამავე კომპლექსის ფასადის რეაბილიტაცია და სასერვეროს, საწყობის, ადმინისტრატორის ოფისის სარემონტო სამუშაოები.

რეაბილიტაცია ჩაუტარდა მამულის ტერიტორიაზე მდებარე კიდევ რამდენიმე შენობას და მოეწყო ექვსი სტუდიის ტიპის საცხოვრებელი, რომლებსაც სახელოვნებო რეზიდენციებისთვის გამოიყენებენ. მამულის გალავნის რეაბილიტაციის მეორე ეტაპი წლის ბოლოს დასრულდება.

ლევილის მამული 2016 წელს, 25-წლიანი მოლაპარაკებების შემდეგ, საქართველოს დაუბრუნდა. მამულის კულტურის სამინისტროსთვის გადმოცემის შემდეგ, მინისტრ თეა წულუკიანის ხელმძღვანელობით, პარიზში, ლევილსა და თბილისში მამულის მმართველი კომიტეტის რამდენიმე სხდომა გაიმართა, რომლებზეც ერთხმად მიიღეს მამულის რეაბილიტაციის პროექტთან დაკავშირებული მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებები.

2026 წლის სექტემბრამდე, მამულის ტერიტორიაზე მოეწყობა ლევილის ქართული აკადემია, სამუზეუმო და საარქივო სივრცე, ბიბლიოთეკა, საკონფერენციო დარბაზი, მედიათეკა და ქართული კუთხე (ქართული ოდა, ვენახი, ქვევრი და ქართული ღვინის პოპულარიზაციისთვის აუცილებელი კომპონენტები).

“დავასრულეთ და ვიბარებთ სამუშაოებს ნაწილს. ჩვენ აქ მოვაწყვეთ 6 დამოუკიდებელი სტუდიო, სადაც, თებერვლიდან, 2024 წელს, პირველ ტალღად ვუმასპინძლებთ ქართველ მოქანდაკეებს, შემდეგ - ქართველ მწერლებს,“ - აცხადებს თეა წულუკიანი.

დღის ამბები