09 ივლისი 2024,   02:18
ვრცლად
რუსი მესაზღვრეები რუსეთისა და უცხო ქვეყნების მოქალაქეებს ფინეთში უკანონოდ შესვლაში ეხმარებიან - ფინეთის პრემიერი

ფინეთის პრემიერ-მინისტრი აცხადებს, რომ რუსეთი მიგრანტებს ფინეთში არალეგალურად შეღწევაში ეხმარება. მისი თქმით, რუსი მესაზღვრეები, რომლებიც სახელმწიფოს წარმოადგენენ, საზღვართან ავტომობილებით ან ველოსიპედებით მისულ არალეგალთა მცირერიცხოვან ჯგუფებს საზღვრის კვეთაში ხელს არ უშლიან. საბოლოოდ, ისინი ფინეთისგან თავშესაფარს ითხოვენ, - ამის შესახებ BBC წერს.

”აშკარაა, რომ ამ ადამიანებს ეხმარებიან - [რუსი] მესაზღვრეები მათ თავად აცილებენ საზღვარზე, ან საკუთარი ტრანსპორტით მიჰყავთ სასაზღვრო ხაზამდე“, - განაცხადა ფინეთის პრემიერ-მინისტრმა პეტერი ორპომ პრესკონფერენციაზე.

ოფიციალური ჰელსინკის ცნობით, მიგრანტთა შორის არიან ერაყის, იემენისა და სირიის მოქალაქეები, რომლებიც ლეგალურად ჩავიდნენ რუსეთში, მაგრამ აქვთ ევროკავშირის წევრ ქვეყანაში - ფინეთში შესვლის უფლება.

ფინელი მესაზღვრეების ინფორმაციით, მიმდინარე კვირაში, რუსეთიდან საზღვრის გადამკვეთთა რაოდენობა გაზრდილია. მხოლოდ ორ დღეში, ფინეთში 89 ადამიანი გადავიდა. შედარებისთვის, ბოლო 4 თვეში (12 ნოემბრამდე), ეს მაჩვენებელი 91 იყო.

რუსეთიდან ფინეთში, ველოსიპედით, ბევრი მიგრანტი გადადიოდა, რადგან მოქმედებდა ორ ქვეყანას შორის შეთანხმება, რომელიც ველოსიპედით საზღვრის გადაკვეთის საშუალებას იძლევა. გასულ კვირას ფინეთმა ეს რეგულაცია აკრძალა.

ფინეთი რუსეთთან 1340-კილომეტრიან სასაზღვრო ხაზს იზიარებს, რაც ევროპაში ყველაზე გრძელი საზიარო საზღვარია.

 

დღის ამბები