პარლამენტის პირველი ვიცე-სპიკერი, გიორგი ვოლსკი პარლამენტში გუშინ მომხდარ ინციდენტს ეხმაურება და აღნიშნავს, რომ მიუღებელია მსგავსი ინტენსიური შეტევა, რასაც ქალი დეპუტატები ოპონენტების მიმართ იყენებენ. მისი შეფასებით, ლევან მგალობლიშვილის მიმართ ზღვარგადასულ უხეშობას ჰქონდა ადგილი.
"ქალი დეპუტატების მხრიდან ასეთი შეფასება, ასეთი ფორმულირება არაფერ შუაში არ არის და არანაირად არ შეიძლება იქნეს გამართლებული გენდერული ნიშნით - ის უხამსობა, საერთოდ ის ისტერიკა და ასეთი ინტენსიური შეტევა გამომსვლელზე. რასაკვირველია, ამ შემთხვევაში არც გაუმართლებია თავი ლევანს, მაგრამ მე ვფიქრობ, რომ წყობილებიდან მისი გამოსვლა, არის სწორედ იმით განპირობებული, რომ ზღვარგადასულ უხეშობას ჰქონდა ადგილი," - განაცხადა გიორგი ვოლსკიმ.
ცნობისთვის, მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის საკითხმა და "ნაციონალური მოძრაობის" მმართველობის პერიოდზე სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებების ხსენებამ სხდომათა დარბაზში პოლიტიკური მღელვარება გამოიწვია. "ქართული ოცნების" დეპუტატმა ლევან მგალობლიშვილმა ოპოზიციონერ კოლეგას, თინა ბოკუჩავას "ნაბიჭვარი" უწოდა. მგალობლიშვილის შეურაცხმყოფელ რეპლიკას, "ნაციონალური მოძრაობის" დეპუტატის ანა წითლიძის მხრიდან რეაქცია მოჰყვა. მან მმართველი პარტიის დეპუტატს ქაღალდები ესროლა. ანა წითლიძის მიერ ლევან მგალობლიშვილის მისამართით ფურცლების სროლის შემდეგ, მგალობლიშვილმა მიკროფონი მოხსნა და ცდილობდა, ის ანა წითლიძისთვის ესროლა, თუმცა მანდატური ჩაერია. უმრავლესობის წევრებმა ლევან მგალობლიშვილი სხდომათა დარბაზიდან გაიყვანეს. ბოკუჩავა აცხადებს, რომ მგალობლიშვილი ალკოჰოლური თრობის ქვეშ იყო და ამით დაარღვია რეგლამენტი. დეპუტატი ითხოვს მას შესაბამისი შემოწმება ჩაუტარდეს და სანქცია დაეკისროს.