საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისია, „სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოების“ (ISFED) მიერ გამოქვეყნებულ დოკუმენტს განცხადებით პასუხობს.
"საარჩევნო პროცესში ელექტრონული ტექნოლოგიების დანერგვა გადამწყვეტ ეტაპზეა და ამ პროცესის წარმატებით განხორციელება გარკვეულწილად დამოკიდებულია იმაზე, თუ რამდენად სწორად იქნება საზოგადოება ინფორმირებული ამ უმნიშვნელოვანესი საკითხის შესახებ. ამდენად საარჩევნო ადმინისტრაციის გაცხადებული პოზიციაა, რომ ის უყურადღებოდ არ დატოვებს ელექტრონულ ტექნოლოგიებთან დაკავშირებით გავრცელებულ არც ერთ ინფორმაციას, რომელიც შესაძლოა საზოგადოებაში გარკვეულ კითხვის ნიშნებს ტოვებდეს.
სწორედ ამ პოზიციიდან გამომდინარე გვინდა გამოვეხმაუროთ არასამთავრობო ორგანიზაცია „სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოების“ (ISFED) მიერ გამოქვეყნებულ დოკუმენტს „ელექტრონული ტექნოლოგიების გამოყენება კენჭისყრის პროცესში: საქართველოში დანერგილი ელექტრონული აპარატების შეფასება“.
დოკუმენტში აღნიშნულია, რომ „ამომრჩეველთა ვერიფიკაციის აპარატი ამომრჩეველთა ვინაობის შემოწმებას ბიომეტრიული მონაცემებით არ ახდენს, რაც მრავალჯერადი ხმის მიცემის თეორიულ შესაძლებლობას კვლავ ტოვებს. არსებულ აპარატებზე თითის ანაბეჭდით ამომრჩევლის იდენტიფიკაციის ფუნქციის დამატება შესაძლებელია, შესაბამისად, საჭიროა დაიწყოს მის დანერგვაზე მუშაობა.“
განვმარტავთ, რომ ვერიფიკაციის აპარატში პირადი ნომრის შეყვანის შემდეგ მოწმდება ამომრჩევლის პერსონალური მონაცემები, მათ შორის ფოტოსურათით. თითის ანაბეჭდის დამატება არანაირ ფუნქციურ უპირატესობას არ წარმოადგენს, რადგან “პირველადი გასაღები” ქართულ მოდელში არის პირადი ნომერი, რაც თითის ანაბეჭდის მსგავსად არის უნიკალური.
ხმის მრავალჯერადად მიცემა გამორიცხულია - ვერიფიკაციის აპარატით ამომრჩევლის რეგისტრაცია მხოლოდ ერთხელ და მხოლოდ იმ ერთ კონკრეტულ უბანზეა შესაძლებელი, სადაც ის რეგისტრირებულია. ყველა დანარჩენ შემთხვევაში, იქნება ეს მეორედ ვერიფიკაციის გავლის თუ სხვა უბანზე რეგისტრაციის მცდელობა, აპარატი გამოსცემს სიგნალს და არ გაატარებს ასეთ ამომრჩეველს რეგისტრაციაში.
ერთი ამომრჩეველი ორჯერ ვერ ხვდება სიაში და აღნიშნულს ადასტურებს 1-ლი ოქტომბრის შუალედურ/რიგგარეშე არჩევნებზე განხორციელებული საერთაშორისო აუდიტორული კომპანიის დასკვნაც, რომლის თანახმადაც „ელექტრონული აპარატურა და პროგრამული უზრუნველყოფა, საერთაშორისო სტანდარტებთან, საქართველოს კანონმდებლობასთან და ტექნიკურ სპეციფიკაციებთან შესაბამისობაშია. ელექტრონული აპარატები მუშაობს გამართულად, უსაფრთხოდ და ზუსტად“.
გარდა ამისა, გაუგებარია, რას ემსახურება ორგანიზაციის მხრიდან ხმის მთვლელი აპარატის მოძველებულ ტექნოლოგიად გამოცხადება. მაშინ, როდესაც აღნიშნული ტექნოლოგია გამოიყენება მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში. ამ ტექნოლოგიის მოძველებულად შერაცხვამ, შესაძლოა, საზოგადოებაში მის მიმართ უნდობლობა გააჩინოს და დააზიანოს ელექტრონული არჩევნების დანერგვის უმნიშვნელოვანესი პროცესი. გვინდა, შევახსენოთ საზოგადოებას, რომ 2024 წლის 26 ოქტომბრის არჩევნებისთვის, საარჩევნო ელექტრონული აპარატებითა და შესაბამისი პროგრამული უზრუნველყოფით საქართველოს საარჩევნო ადმინისტრაციას კომპანია „სმარტმატიკი“ მოემსახურება, რომელმაც სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს მიერ გამოცხადებულ კონსოლიდირებულ ტენდერში გაიმარჯვა. 2000 წლიდან კომპანია, რომელიც თავადვე აწარმოებს შესაბამის ტექნიკას, გლობალური ლიდერია საარჩევნო ინდუსტრიაში და 30-ზე მეტ ქვეყანაში აქვს არჩევნების მოდერნიზების გამოცდილება. მათ შორის განხორციელებული აქვს ამ ტიპის პროექტები ისეთ ქვეყნებში, როგორებიცაა დიდი ბრიტანეთი, აშშ, არგენტინა, ბრაზილია, მექსიკა, ალბანეთი, ბულგარეთი, ესტონეთი, ბელგია, ფილიპინები და ა.შ,"- წერია განცხადებაში.