09 ივლისი 2024,   02:40
ვრცლად
საქართველოს თავისუფალი ვაჭრობის რამდენიმე შეთანხმება აქვს, მათ შორის ყველაზე დიდ ბაზრებთან

ეკონომიკური ფორუმი ბაქოში - აზერბაიჯანში 7 ქვეყნის მთავრობის მეთაურებმა რეგიონის ეკონომიკურ პოტენციალზე იმსჯელეს. ითქვა, რომ საქართველო საიმედო და სტაბილურ სავაჭრო პარტნიორია, რომლის თავისუფალი სავაჭრო ურთიერთობები ინვესტორებს 2 მილიარდ 300 მილიონიან ბაზარზე წვდომას აძლევს.

საქართველო მსოფლიოში რვა ქვეყანას შორისაა და რეგიონში ერთადერთია, რომელსაც თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმება ერთდროულად ჩინეთთანაც აქვს გაფორმებული და ევროკავშირთანაც.

ღრმა და ყოვლისმომცველი შეთანხმების ხელმოწერიდან მალევე ქართული ბიზნესისთვის ევროკავშირის 500-მილიონიანი ბაზარი გაიხსნა. ქართული პროდუქცია ევროპული კავშირის 27-ვე სახელმწიფოში დღემდე, გამარტივებული პროცედურებით და შეფერხების გარეშე შედის.

2017 წლის 13 მაისს გაფორმდა თავისუფალი ვაჭრობის შესახებ ხელშეკრულება ჩინეთის უმსხვილეს ბაზართან, რომელიც დაახლოებით მილიარდ 400-ს მილიონ მომხმარებელს აერთიანებს. უკვე 6ი წელია ქართველ მწარმოებლებს შესაძლებლობა აქვთ ქართული პროდუქცია ჩინეთის ბაზარზე მარტივად შეიტანონ.

თავისუფალი სავაჭრო ურთიერთობა - ქვეყნებს შორის გამარტივებულ სავაჭრო ურთიერთობას ნიშნავს. ანუ ქვეყანაში წარმოებული პროდუქცია მარტივად, ყოველგვარი სავაჭრო შეზღუდვის გარეშე გადის პარტნიორი ქვეყნების ბაზრებზე და ასევე მარტივად, ზედმეტი ბიუროკრატიის გარეშე შემოდის უცხოური პროდუქცია საქართველოში.

საქართველოს უმსხვილესი სავაჭრო პარტნიორია თურქეთიც, რომელთანაც 2008 წლიდან ასევე მოქმედებს თავისუფალი ვაჭრობის რეჟიმი. საქსტატის მონაცემებით, 2023 წლის იანვარ-ოქტომბერში თურქეთი იყო საქართველოს უმსხვილესი სავაჭრო პარტნიორი 2 მილიარდ 460 მილიონი დოლარის ბრუნვით. თურქული კომპანიების რიცხვი კი საქართველოში 10 000-ს აჭარბებს.

ქართული პროდუქცია მარტივად გადის დსთ-ს ქვეყნების ბაზრებზეც. მათ შორის მოლდოვაშიც. ცენტრალური აზიის ხუთ ქვეყანაში სავაჭრო ბრუნვა საქართველოს მთავრობის ინფორმაციით, წელს 150%-ით არის გაზრდილი და მილიარდ 400 მილიონ დოლარს შეადგენს.

თავისუფალი ვაჭრობის რეჟიმი 1996 წლიდან მოქმედებს აზერბაიჯანთან. საქართველოს მთავრობის ინფორმაციით, სტრატეგიულ მეზობელ აზერბაიჯანთან ბოლო ათ თვეში სავაჭრო ბრუნვა 16%-ით გაიზარდა და მილიარდ 230 მილიონ დოლარს მიაღწია.

საქართველოს თავისუფალი ვაჭრობის რეჟიმი აქვს გაერთიანებულ სამეფოსთანაც, ასევე შვეიცარიასთან და არაბეთის გაერთიანებულ საამიროებთან.

დღის ამბები