25 დეკემბერი 2024,   00:38
ვრცლად
სტიქია შავი ზღვის რეგიონში - ათმეტრიანი ტალღები, ციკლონი და დატბორილი სანაპიროები

შტორმს, რომელიც ახლაც გრძელდება შავ ზღვის რეგიონში, სინოპტიკოსებო ისტორიაში ყველაზე მასშტაბურს უწოდებენ.

ქობულეთში, რომელიც სტიქიის ზონაშია, ტალღა, სანაპირო ზოლის შემდეგ, დასახლებულ პუნქტამდეც აღწევს. ძლიერ შტორმთან გამკლავებას ზღვისპირა ქალაქი დილიდან ცდილობს. დატბორილია საცხოვრებელი სახლების პირველი სართულები, ქუჩები, სავაჭრო ობიექტები...

ციკლონმა პრობლემები შექმნა ფოთშიც. ძლიერმა ქარმა შენობებს სახურავები ახადა, დაზიანებულია ავტომობილებიც. ღამის საათებში დაწყებულ გრიგალს წვიმა მოჰყვა.

შავ ზღვაზე 8-ბალიანი შტორმია. სტიქიის ეპიცენტრია ბათუმიც. დაზიანებულია სანაპირო ზოლი და ინფრასტრუქტურა. მძიმე ტექნიკა დილიდან ზღვაში შემავალ სანიაღვრე ჭებს ასუფთავებს.

შავ ზღვაზე განვითარებული ციკლონის გამო, სპეციალურ განცხადებას ავრცელებს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური და მოსახლეობას აფრთხილებს, სანაპირო ზოლთან გადაადგილებისგან თავი შეიკავოს.

საქართველოში შტორმის სიმძლავრე შემცირებას ხვალიდან დაიწყებს. ქარი კი, სავარაუდოდ, კიდევ რამდენიმე დღე გაგრძელდება.

რთული მდგომარეობაა მეზობელ ქვეყნებში. შავი ზღვის ციკლონისგან გამოწვეულმა შტორმმა ორი ადამიანის სიცოცხლე შეიწირა თურქეთში. სტიქია თავდაპირველად კონიასა და სინოპის რეგიონებს დაატყდა. სრულიად დაიტბორა ქალაქი იზმირი. შტორმის შედეგებს ახლაც ებრძვიან სტამბოლში, ანკარაში, ბურსაში, ანტალიასა და ადანაში. განადგურებულია საცხოვრებელი სახლები და სატრანსპორტო ინფრასტრუქტურა.

ციკლონის შედეგად განვითარებული ძლიერი ქარისა და თოვის შედეგად, ორი ადამიანი დაიღუპა ბულგარეთშიც. არიან დაშავებულებიც. ასობით ადამიანი დახმარებას ითხოვს. ქარიშხლის გამო, ქვეყანაში საგანგებო ვითარებაა გამოცხადებული, დაზიანებულია საქალაქთაშორისო საავტომობილო გზები. ქვეყნის ჩრდილო-დასავლეთ ნაწილში, ათასზე მეტ დასახლებას, ელექტროენერგია არ მოეწოდება.

სურათი მძიმეა რუმინეთსა და მოლდოვაში. ამ ქვეყნებში განგაშის წითელი სიგნალია ამოქმედებული. არის მსხვერპლი.

ექსტრემალურ პირობებში უწევთ მუშაობა სამაშველო სამსახურებს უკრაინაშიც. აქ, დიდთოვლობის გამო, ხილვადობა სტიქიის ზონაში, პრაქტიკულად, საერთოდ არ არის. კიევში განგაშის მეორე დონეა ამოქმედებული. უმძიმესია მდგომარეობა ოკუპირებულ ტერიტორიაზეც. არიან გარდაცვლილებიც. ყირიმში გაითიშა წყალი, ელექტროენერგია, გათბობა. დონეცკში კი, 500 000 ადამიანი დენის გარეშეა დარჩენილი. აქ ქარის სიჩქარე, წამში, 40 მეტრს აღწევს.

ციკლონმა საკუთარი კვალი უკვე დატოვა საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიაზეც. სანაპირო ზოლის განადგურების შემდეგ, წყალმა საცხოვრებელი სახლები დატბორა გაგრაში. შტორმმა ქალაქის ცენტრალური წყალსადენი დააზიანა. ანალოგიური სიტუაციაა სოხუმშიც. ცენტრალური სარკინიგზო ხაზი დაზიანდა სოჭში.

ზარალს ითვლის შავი ზღვის აკვატორიის მოსაზღვრე ყველა ქვეყანა, მათ შორის - საქართველოც. შეჩერებულია პორტების მუშაობა. სპეციალისტები მდგომარეობის დასტაბილურებას უახლოეს რამდენიმე დღეში ვარაუდობენ.

დღის ამბები