ევროკავშირის ეროვნული პარლამენტების ევროპულ საქმეთა კომიტეტების კონფერენციამ, რომელიც მადრიდში გაიმართა, დეკლარაცია მიიღო. ევროკავშირის წევრი ქვეყნების პარლამენტის წევრებმა საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭებას მხარი დაუჭირეს და საერთო ევროპული უსაფრთხოებისა და კეთილდღეობის მიზნების მიღწევისთვის გაფართოების პოლიტიკის მნიშვნელობა კიდევ ერთხელ დაადასტურეს, - ინფორმაციას საქართველოს პარლამენტი ავრცელებს.
კონფერენციის მუშაობაში საქართველოს პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის დელეგაციამ კომიტეტის თავმჯდომარის, მაკა ბოჭორიშვილის ხელმძღვანელობით მიიღო მონაწილეობა.
ევროკავშირის წევრი და პარტნიორი ქვეყნების წარმომადგენლებმა, კონფერენციის ფარგლებში, შეაჯამეს ევროკავშირის ესპანეთის თავმჯდომარეობა და განიხილეს ევროკავშირისთვის მნიშვნელოვანი საკითხები, როგორიცაა მიგრაცია და ენერგეტიკული კრიზისი, უკრაინაში არსებული სიტუაცია და ევროკავშირის სტრატეგიული ავტონომია.
მაკა ბოჭორიშვილმა მონაწილეობა მიიღო დისკუსიაში ესპანეთის თავმჯდომარეობის პრიორიტეტებთან და უკრაინის საკითხთან დაკავშირებით და სიტყვით მიმართა კონფერენციის მონაწილეებს. მან ყურადღება გაამახვილა საქართველოს წინაშე მდგარ გამოწვევებზე, ევროკავშირში ინტეგრაციის მნიშვნელობაზე, საქართველოს მიერ უკრაინის მხარდაჭერაზე და კონფერენციის მონაწილეებს მოუწოდა დეკემბერში საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭების მხარდაჭერისაკენ.
დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარემ დავით სონღულაშვილმა, კონფერენციის ფარგლებში, მონაწილეობა მიიღო ენერგეტიკული უსაფრთხოების საკითხებზე გამართულ დისკუსიაში, სადაც ყურადღება გაამახვილა საქართველოს პოტენციალსა და მის მნიშვნელოვან პროექტებზე.
სხდომაზე ევროკავშირის წევრი ქვეყნების წარმომადგენლებმა დადებითად შეაფასეს საქართველოს მიღწევები ევროკავშირში ინტეგრაციის გზაზე, ხაზგასმით აღნიშნეს საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციის მნიშვნელობა და მხარი დაუჭირეს კანდიდატის სტატუსის მინიჭებას.
საქართველოს საპარლამენტო დელეგაციამ ევროკავშირის წევრი ქვეყნების ევროპულ საქმეთა კომიტეტების პლენარულ სესიაში ესპანეთის მოწვევით მიიღო მონაწილეობა.
კონფერენციაში მონაწილეობდნენ ევროკავშირის 27 წევრი სახელმწიფოსა და კანდიდატი ქვეყნების წარმომადგენლები, ევროპარლამენტის წევრები და ესპანეთის ხელისუფლების მაღალი რანგის პირები.