22 დეკემბერი 2024,   10:27
ვრცლად
2024 წლის პირველი ივლისიდან, ლამინირებული პირადობის მოწმობები უქმდება - საკითხზე მმართველ გუნდსა და ოპოზიციას შორის, შეთანხმება უკვე შედგა


ლამინირებული პირადობის მოწმობები ანუ ძველი პირადობები უქმდება. 2024 წლის პირველი ივლისიდან, ძალას დაკარგავს ყველა არაელექტრონული მოწმობა, რომელიც 2011 წლამდე უვადოდ გაიცა. ეს ის იშვიათი საკითხია, რაზეც მმართველ გუნდსა და ოპოზიციას შორის შეთანხმება შედგა.

დღევანდელი მონაცემებით, ქვეყანაში ე.წ. ლამინირებულ პირადობას 273 598 ადამიანი ფლობს. აქედან, უმეტესობა უვადოა, რომელიც 2011 წლის 1 აგვისტომდეა გაცემული. სწორედ 2011 წლის 1 აგვისტოდან იწყება ქვეყანაში ელექტრონული ID ბარათების გაცემა. 2011 წლის 1 აგვისტოს შემდეგ სულ 202 ე.წ. ლამინირებული უვადო პირადობის მოწმობა გაიცა.

დღევანდელი კანონმდებლობით, არჩევნებში მონაწილეობის უფლება მხოლოდ იმ ადამიანებს აქვთ, რომლებიც ID ბარათებს ფლობენ. რაც იმას ნიშნავს, რომ 2024 წლის არჩევნებში არაელექტრონული პირადობების მქონე ადამიანები ხმის მიცემის უფლებით ვერ ისარგებლებენ, სწორედ მათი უფლებების დაცვის მოტივით ფრიდონ ინჯიამ კანონპროექტი დააინიციირა, რომელიც ლამინირებული პირადობების მქონე მოქალაქეს არჩევნებში მონაწილეობის უფლებას აძლევს.

ე.წ. ლამინირებული პირადობების თემა ის იშვიათი საკითხია, რაზეც მმართველი გუნდი და ოპოზიცია შეთანხმდა.

დახურულ კარს მიღმა გადაწყდა, რომ 2011 წლამდე გაცემული პირადობის მოწმობები გაუქმდება, ძველის ახლით უფასოდ ჩანაცვლებას კი იუსტიციის სამინისტრო უზრუნველყოფს.
შეთანხმდნენ, მაგრამ არჩევნების გაყალბების რისკებს მაინც ხედავენ "ნაციონალურ მოძრაობაში".

"ლამინირებული პირადობებით არჩევნებში მონაწილეობის უფლების დაშვება პირდაპირ კავშირშია არჩევნების გაყალბების მექანიზმთან. რამდენი არჩევნებიც ჩატარებულა სახელისუფლებო რესურსის მიერ პირადობის მოწმობების დაბეჭდვა და სხვა ამომრჩევლების ნაცვლად ხმის უფლების განხორციელება იყო ხელისუფლების ამოცანა.თუ 500 ადამიანს არ სურს პირადობის აღება და სახელმწიფო სერვისებით სარგებლობა ამ ადამიანებს არც არჩევნებში მონაწილეობის სურვილი ექნებათ, ხელისუფლებას ამ 500 ადამიანის ხმებით მანიპულირების საშუალებაც არ უნდა მიეცეს", - აცხადებს ლევან ბეჟაშვილი.

არჩევნების გაყალბების პრევენციის თავისებური ხედვა აქვს "გირჩს".

"მარტივია, ამ რამდენიმე ასეული ადამიანისთვის, სპეციფიკური გარემოება შეიქმნას, იყოს ერთი უბანი, რომელსაც უფრო გააკონტროლებენ და მარტო ეს ხალხი იქნებიან, ერთის მხრივ საარჩევნო უფლებას არ შეზღუდავ და არც პროცესს დააზიანებ", - განაცხადა ალექსანდრე რაქვიაშვილმა.

ოპოზიციის ბრალდებებს ფრაქცია "ქართული ოცნების" თავმჯდომარე სპეკულაციებს უწოდებს და ამბობს, რომ ოპონენტებს არჩევნებზე მანიპულაციების საშუალება არ ექნებათ.

"ჩვენ ხომ ვიცით, რომ ამ ლამინირებულ პირადობებს არ ვიყენებთ, არაფერ მანიპულაციას, ერთსაც კი ქვეყნის მასშტაბით არ ვაკეთებთ, ანუ როგორც მინიმუმ, ვაზღვევთ და მაქსიმუმ სხვა პარტიებს მაგალითად "ნაციონალურ მოძრაობას", თუ შემორჩენილი აქვს რაღაცები და ამით სადღაც ახერხებენ მანიპულაციას ამ მანიპულაციის საშუალებას საერთოდ გავაქრობთ", - განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

ე. წ. ლამინირებული პირადობის მოწმობები, 2024 წლის 1 ივლისიდან გაუქმდება.  

 

ავტორი:ნანა გოგატაძე

 

დღის ამბები