ბოლნისში, მაშავერას გორაზე მიმდინარე გათხრებისას მეცნიერებმა სამარხს მიაკვლიეს, რომელშიც მცირეწლოვანი ადამიანის ძვლები აღმოჩნდა. წინასწარი შეფასებით, შესაძლოა, ეს ნეოლითური ხანის სამარხი იყოს.
საქართველოს ტერიტორიაზე ამ პერიოდის სამარხი აქამდე არასოდეს დაფიქსირებულა. აღმოჩენამ უკვე მიიღო განსაკუთრებული სამეცნიერო მნიშვნელობის სტატუსი.
ახლა დამატებითმა კვლევებმა უნდა დაადასტუროს მოპოვებული მასალის ზუსტი თარიღი და განსაზღვროს მისი სამეცნიერო მნიშვნელობა.
მაშავერას გორა მსოფლიოში ცნობილი შულავერი-შომუთეფეს არქეოლოგიური კულტურის გამორჩეული ძეგლია. ის ნეოლითურთან ერთად შუა საუკუნეების კულტურულ ფენებსაც მოიცავს, რაც ამ ტერიტორიაზე ადამიანის ხანგრძლივ ცხოვრებაზე მიუთითებს.
პირველი არქეოლოგიური სამუშაოები აქ 1988 წელს ჩატარდა, გათხრები კი 2020 წელს საქართველოს ეროვნული მუზეუმის ექსპედიციამ განაახლა.
არქეოლოგიური გათხრების შედეგად ძეგლზე გამოვლენილია ძვ. წ. VI ათასწლეულისთვის დამახასიათებელი, წრიული და ოვალური გეგმარების მქონე ალიზის საცხოვრებელი და სამეურნეო ნაგებობები. მოპოვებული არტეფაქტები უძველესი მიწათმოქმედი საზოგადოების ყოფასა და განვითარების დონეს ასახავს.
არქეოლოგიურ სამუშაოებს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს დაფინანსებით საქართველოს ეროვნული მუზეუმის ექსპედიცია ახორციელებს.
ახლა მეცნიერების მთავარი ამოცანა აღმოჩენილი მასალის საფუძვლიანი შესწავლაა, რომელმაც შესაძლოა უძველესი მოსახლეობის ცხოვრების, სოციალიზაციისა და იმდროინდელი კულტურის შესახებ ახალი ცნობები მოგვაწოდოს.