მმართველი გუნდი გიორგი გახარიას ცრუ ბრალდებებში ადანაშაულებს. საუბარია, პარტია "საქართველოსთვის" ლიდერის საკუთარ ამომრჩეველთან შეხვედრის დროს გაკეთებულ განცხადებაზე. სადაც, გახარიამ დაადასტურა, რომ ქვეყნის ეკონომიკა იზრდება, თუმცა მისი თქმით, შემოსავლები მხოლოდ რამდენიმე ოჯახზე ნაწილდება. სახელისუფლებო გუნდში ოპონენტს, დღეს, მტკიცებულებები მოსთხოვეს. თქვეს, რომ გახარია პოლიტიკური ქულების დაწერას უშედეგოდ ცდილობს.
გახარიას გუნდის წევრებმა დღეს ლიდერის პოზიცია გაიზიარეს. თუმცა, კორუფციის ვერცერთი მტკიცებულება ვერ წარმოადგინეს. თქვეს, რომ ინფორმაციას ფლობენ და მხოლოდ მაშინ გაასაჯაროებენ, თუ მათივე თქმით, უკანონოდ მითვისებული ფული საარჩევნოდ დაიხარჯება.
გახარიას გულწრფელობის არ სჯერათ ოპოზიციაში. კოლეგების ნაწილი ყოფილი პრემიერისა და მისი თანაგუნდელების რიტორიკაში პოლიტიკური შანტაჟის ელემენტებს ხედავს. ნაწილი კი გიორგი გახარიას, კორუმპირებული პერსონების მხილების დროს, საკუთარ თავზე საუბარს ურჩევს.
გახარიასა და მისი თანაგუნდელებს წარსული საპარლამენტო უმრავლესობამაც შეახსენა. კანონმდებლებს აინტერესებთ, რატომ არ საუბრობდა კორუფციაზე ყოფილი პრემიერი თანამდებობაზე ყოფნის დროს. სახელისუფლებო გუნდი "საქართველოსთვის" ლიდერს, წინასაარჩევნო პოპულიზმისგან თავშეკავებისკენ მოუწოდებს.
პარტია "საქართველოსთვის" ლიდერმა კორუფციაზე მოსახლეობასთან შეხვედრის დროს ისაუბრა თუმცა მას შემდეგ მედიასთან აღარ გამოჩენილა.