22 დეკემბერი 2024,   16:28
ვრცლად
პასუხისმგებლობა რუსეთს ეკისრება, რადგან სწორედ ის ახორციელებს კონტროლს ოკუპირებულ ტერიტორიაზე - ომბუდსმენი გალში, საქართველოს მოქალაქის დაღუპვასთან დაკავშირებით

სახალხო დამცველი, ოკუპირებული ძალების მხრიდან საქართველოს მოქალაქის სიცოცხლის ხელყოფის სავარაუდო ფაქტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს.

ტექსტში ნათქვამია, რომ მომხდარზე პასუხისმგებლობა რუსეთს ეკისრება, რადგან სწორედ ის ახორციელებს კონტროლს ოკუპირებულ ტერიტორიაზე.

"სამწუხაროა, რომ დღეს, როდესაც მსოფლიოში ადამიანის უფლებათა დაცვის საერთაშორისო დღე აღინიშნება, კიდევ ერთხელ გავრცელდა ინფორმაცია ოკუპირებული ძალების მხრიდან საქართველოს მოქალაქის სიცოცხლის ხელყოფის სავარაუდო ფაქტის შესახებ. კერძოდ, ოკუპირებული გალის რაიონში საქართველოს მოქალაქეს, თემურ კარბაიას, საოკუპაციო რეჟიმის ე.წ. მილიციის თანამშრომლებმა, სავარაუდოდ, სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენეს და სცემეს, რის შედეგადაც საქართველოს მოქალაქე საავადმყოფოში გადაყვანისთანავე გარდაიცვალა.

აღსანიშნავია, რომ საქართველოს მოქალაქის სიცოცხლის უფლების სავარაუდო დარღვევაზე პასუხისმგებლობა რუსეთის ფედერაციას ეკისრება, რადგან სწორედ ეს უკანასკნელი ახორციელებს ოკუპირებულ ტერიტორიაზე კონტროლს.

სახალხო დამცველი მოუწოდებს საქართველოს ხელისუფლებას, ასევე ყველა საერთაშორისო ადამიანის უფლებათა დაცვით და სადამკვირვებლო ორგანიზაციას მაქსიმალური ძალისხმევა გამოიჩინონ ზემოაღნიშნულ ფაქტზე ეფექტიანი გამოძიების, დამნაშავეების დასჯისა და რუსეთის ფედერაციისათვის პასუხისმგებლობის დაკისრების უზრუნველსაყოფად.

სამწუხაროა, რომ საოკუპაციო რეჟიმი დღემდე დაუსჯელს ტოვებს საქართველოს ოთხი მოქალაქის - დავით ბაშარულის, გიგა ოთხოზორიას, არჩილ ტატუნაშვილისა და ირაკლი კვარაცხელიას მკვლელობაზე პასუხისმგებელ პირებს. ასევე დღემდე გამოუძიებელია ერთი თვის წინ სოფელ კირბალის მიმდებარედ ოკუპირებულ ტერიტორიაზე საქართველოს მოქალაქის მკვლელობის ფაქტი. აღნიშნულის ფონზე საერთაშორისო ორგანიზაციებისა და მთლიანად საერთაშორისო საზოგადოების ჩართულობა განსაკუთრებით მნიშვნელოვანია სიცოცხლის უფლების სავარაუდო დარღვევების პრევენციისათვის, რადგან ამგვარი ქმედებების დაუსჯელობა საქართველოს მოქალაქეების სიცოცხლეს განსაკუთრებული საფრთხის ქვეშ აყენებს.

სახალხო დამცველი ღრმა მწუხარებას გამოხატავს და სამძიმარს უცხადებს გარდაცვლილის ოჯახის წევრებს", - აღნიშნულია განცხადებაში.

გავრცელებული ინფორმაციით, ოკუპირებულ გალში მცხოვრებ თემურ კარბაიას, საოკუპაციო რეჟიმის მილიციის თანამშრომლებმა სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენეს და სცემეს. კარბაია საავადმყოფოში გადაყვანისთანავე გარდაიცვალა.

საქართველოს უსაფრთხოების სამსახურში აცხადებენ, რომ ინციდენტთან დაკავშირებით გააქტიურდა ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის ჩართულობით მოქმედი "ცხელი ხაზი".

"ცხელი ხაზის" გაზიარებული ინფორმაციით, საოკუპაციო რეჟიმის წარმომადგენლებმა დაადასტურეს საქართველოს მოქალაქის გარდაცვალების ფაქტი, თუმცა უარყვეს უკანონოდ დაკავების მცდელობა. უწყების თანახმად, რადგან ფაქტი ოკუპირებულ გალში მოხდა, მიმდინარეობს დამატებითი ინფორმაციის მოძიება.

დღის ამბები