ორად გაყოფილ "ნაციონალურ მოძრაობას" წევრები ისევ ტოვებენ. მოქმედ მენეჯმენტში კი აცხადებენ, რომ პარტიიდან წასვლით "ნაციონალური მოძრაობა" არ დასუსტდება, მელიას ახალი პლათფორმა კი წარმატებას ვერ მიაღწევს.
„არაერთხელ გვინახავს „ნაციონალურ მოძრაობაში“ მსგავსი პროცესი, თანავარსკვლავედიც რომ გადიოდა, იმ დროინდელი პოლიტიკური, ელიტის რომ იმაზე მეტნი იქნებოდნენ, ვიდრე მიხეილ სააკაშვილის პარტია, მაგრამ როგორ დაასრულეს ეს ყველამ ერთად ვნახეთ, დღეს კვლევებშიც კი არ იძებნებიან ეს ადამიანები. ვნახავთ რა და როგორ იქნება.
ჩვენ ვიცით, რომ ჩვენ გვაქვს უდიდესი პასუხისმგებლობა, ვართ მთავარი ოპოზიციური პარტია, ამიტომ მიუხედავად ამ დაზიანებებისა და ამ წინასწარ დადგმული გასვლებისა, პარტია გამოვა კიდევ უფრო გაძლიერებული,“ - აცხადებს თბილისის საკრებულოს ფრაქცია ”ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარე ირაკლი ნადირაძე.
ყოფილი თავმჯდომარის თანაგუნდელები კი ისევ ლევან ხაბეიშილს და მოქმედ მენეჯმენტს აკრიტიკებენ და აცხადებენ, რომ მათ პარტიაში არსებული კრიზისი კიდევ უფრო გაამწვავეს.
„არაფორმალური მმართველობა, კლანურობა, განსხვავებული აზრის მქონე ადამიანების დევნა - ეს არასდროს იყო „ნაციონალური მოძრაობის“ იდეალი, შესაბამისად, ჩვენ მივიღეთ გადაწყვეტილება დავტოვოთ „ნაციონალური მოძრაობა“ და შევიდეთ ახალ პარტიაში, რომელიც უახლოეს პერიოდში დაფუძნდება, რომელსაც უხელმძღვანელებს ნიკა მელია,“ - აცხადებს ენმ-ს ყოფილი წევრი დავით ლაგვილავა.