06 ივლისი 2024,   00:11
ვრცლად
20-წლიანი პატიმრობის შემდეგ, უდანაშაულოდ ცნეს ქალი, რომელიც ოთხი შვილის მკვლელობისთვის გაასამართლეს

ქალს, რომელსაც ოდესღაც "ავსტრალიის ყველაზე ცუდ დედად" მოიხსენიებდნენ, ნასამართლეობა მოეხსნა - 56 წლის კეტლინ ფოლბიგის საქმეზე, ახალი სამხრეთ უელსის უზენაესმა სასამართლომ დაადგინა, რომ მტკიცებულებები, რომლებიც ფოლბიგის პატიმრობას ედო საფუძვლად, "უტყუარი, სარწმუნო არაა", - ამის შესახებ BBC წერს

ნასამართლეობის გაუქმებას ფოლბიგი მიესალმება, თუმცა ხაზს უსვამს, რომ მისი უდანაშაულობის მტკიცებულება, ათწლეულების განმავლობაში, იგნორირებული და უარყოფილი იყო. ციხეში 20 წლის გატარების შემდეგ, ფოლბიგი მიმდინარე წლის ივნისში, შეწყალების საფუძველზე გაათავისუფლეს, რასაც საქმის უზენაეს სასამართლოში წაღება მოჰყვა.

”სისტემამ ამჯობინა ჩემი დადანაშაულება, ვიდრე იმის დაჯერება, რომ ზოგჯერ ბავშვები უეცრად, მოულოდნელად და ტრაგიკულად გარდაიცვლებიან ხოლმე“, - თქვა ქალმა სასამართლოს გადაწყვეტილების გამოცხადების შემდეგ.

1989-დან 1999 წლამდე, კეტლინ ფოლბიგს ოთხი შვილი გარდაეცვალა, ოთხივე - მოულოდნელად. მათგან ყველაზე პატარა 19 დღის, ყველაზე დიდი კი 18 თვის იყო. პროკურატურა ამტკიცებდა, რომ დედამ შვილები გაგუდა.

2003 წელს მას 40-წლიანი პატიმრობა შეეფარდა. გადაწყვეტილების სააპელაციო წესით გასაჩივრების შემდეგ, პატიმრობის ვადა 30 წლამდე შეუმცირეს, მიმდინარე წლის დასაწყისში კი, სამეცნიერო დასკვნების საფუძველზე, გაჩნდა ეჭვი, რომ ბავშვები, შესაძლოა, ბუნებრივი მიზეზებით, გენის იშვიათი მუტაციის გამო გარდაცვლილიყვნენ. რამდენიმე თვეში ქალი შეიწყალეს.

„მადლობელი ვარ, რომ მოდერნიზებულმა მეცნიერებამ და გენეტიკამ გამცა პასუხი იმაზე, თუ როგორ გარდაიცვალნენ ჩემი შვილები, თუმცა, ჯერ კიდევ 1999 წელს გვქონდა სამართლებრივი პასუხები ჩემი უდანაშაულობის დასამტკიცებლად. მაშინ პროკურორებმა ჩემი სიტყვები კონტექსტიდან ამოგლიჯეს და ჩემ წინააღმდეგ გამოიყენეს... იმედი მაქვს, რომ სხვას არასდროს მოუწევს ასეთი ტანჯვის გამოვლა“, - ამბობს ქალი. 

დღის ამბები