"ხალხის ძალის" განცხადებას, სადაც 2008 წლის აგვისტოს ომთან დაკავშირებით, "ნაციონალური მოძრაობის" გასამართლებაზეა საუბარი, ოპოზიციაში პასუხობენ. თავად ენმ-ს წევრები ამბობენ, რომ საკუთარი ქვეყნის ტერიტორიების დაცვა მოღალატეობა არ არის:
"საკუთარი ქვეყნის ტერიტორიების დაცვა როდის გახდა მოღალატეობა. ჩვენ შევიჭერით რუსეთის ტერიტორიაზე? ჩვენ, ჩვენი ქვეყანა დავიცავით. "ხალხის ძალას" აქვს "ქართული ოცნებისგან" ერთი პლიუსი, ისინი რასაც ფიქრობენ იმას საუბრობენ და არ მალავენ თავიანთ პრორუსულობას," - აცხადებს პარლამენტის ფრაქციის "ერთიანი ნაციონალური მოძრაობა - ძალა ერთობაშია" წევრი დავით კირკიტაძე.
"ხალხის ძალის" განცხადებაში ვკითხულობთ, რომ 2024 წლის საპარლამენტო არჩევნების შემდგომი პერიოდი იქნება საუკეთესო დრო "ნაციონალური მოძრაობის" გასამართლებისთვის და პოლარიზაციის დასასრულებლად.