"მადლობა უნდა გადავუხადოთ ბატონ ბიძინა ივანიშვილს ამ გადაწყვეტილებისთვის. ეს არის ის მადლობა, რომელსაც იზიარებს ჩვენი პარტიის ყველა წევრი," - ეს განცხადება "ქართული ოცნების" თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ "ქართული ოცნების" ყრილობის დასრულების შემდეგ, ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკაში დაბრუნების შეფასებისას გააკეთა.
ბიძინა ივანიშვილი "ქართული ოცნების" საპატიო თავმჯდომარის პოზიციას დაიკავებს.
"პირველ რიგში, უნდა აღინიშნოს, რომ ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი მოვლენა და სიახლე ჩვენს პოლიტიკურ ცხოვრებაში, რაც მხოლოდ და მხოლოდ კიდევ უფრო გააძლიერებს არა მარტო ჩვენს გუნდს, არამედ ჩვენს ქვეყანას და მისცემს იმის შესაძლებლობას, რომ დიდ წარმატებებს მიაღწიოს შემდგომში. მადლობა უნდა გადავუხადოთ ბატონ ბიძინა ივანიშვილს ამ გადაწყვეტილებისთვის და ეს არის ის მადლობა, რომელსაც იზიარებს ჩვენი პარტიის ყველა წევრი.
რაც შეეხება გუნდის გაძლიერებას - ბატონმა ბიძინამ ძალიან კარგად განმარტა მისი გადაწყვეტილების მიზეზი და მიზანი. აქ მიზეზი არის არა ის, რომ გუნდს აქვს სისუსტე საარჩევნოდ - პირიქით. თავად ბატონმა ბიძინამ აღნიშნა, რომ დღეს გუნდს აქვს ძალიან ძლიერი პოზიციები და მის სიტყვაში იყო ნათქვამი, რომ ხვალ რომ ჩატარდეს საპარლამენტო არჩევნები, 90-100 მანდატის აღება კამპანიის გარეშეც კი არ გაგვიჭირდებოდა. თუმცა იმ პირობებში, რაზეც საუბრობდა ბატონი ბიძინა, როცა ოპოზიცია არის სრულად მოშლილი, განადგურებული, აქ არის სხვა გამოწვევები და სწორედ ამ გამოწვევებზე საპასუხოდ მიიღო მან ეს გადაწყვეტილება," - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.