19 სექტემბერი 2024,   05:08
ვრცლად
ვანის მუნიციპალიტეტში, ძლიერმა წვიმამ პრობლემები შექმნა - დაზარალდა მოსახლეობა და დაზიანდა საცხოვრებელი სახლები

ძლიერმა წვიმამ ვანის მუნიციპალიტეტში პრობლემები შექმნა. სოფელ უხუთში მძიმე ტექნიკა დილიდან უწყვეტად მუშაობდა და ცენტრალურ გზას ჩამოსულ მიწის მასისგან ასუფთავებდა. ამ მონაკვეთზე, საავტომობილო გადაადგილება რამდენიმე საათის განმავლობაში აკრძალული იყო, დღის მეორე ნახევრიდან კი მოძრაობა აღდგა.

უხვმა ნალექმა ვანში მოსახლეობაც დააზარალა. სოფელ შუამთაში, გვიან ღამით მდინარე ყუმური ადიდა. წყალმა ადგილობრივების ეზოებში შეაღწია, დაიტბორა სარდაფები. კალაპოტიდან გადმოსულმა მდინარემ სამტრედიის სოფელ ტოლებთან დამაკავშირებელი ხიდიც დააზიანა. სტიქიის ზონაში დილიდან მობილიზებული იყო მძიმე ტექნიკაც, ადგილზე იმყოფებოდნენ შესაბამისის სამსახურების წარმომადგენლებიც.

ძლიერი წვიმის და ინტენსიური თოვის გამო, საავტომობილო მოძრაობა კონკრეტულ მონაკვეთებზე შეფერხებული იყო. ქუთაისი-ალპანა -მამისონის უღელტეხილზე ქვის ცვენის გამო გადაადგილება დროებით აიკრძალა. შეზღუდვები დაწესდა ბათუმი-ახალციხის გზაზეც, სადაც გადაუღებელი წვიმის გამო მეწყერი ჩამოვიდა.

ბოლო ინფორმაციით, ყველა რთულ მონაკვეთზე ახლა მოძრაობა აღდგენილია. მოხსნილია ყველანაირი შეზღუდვა, გუდაური-კობის საავტომობილო მონაკვეთზეც. გზების დეპარტამენტში აცხადებენ, რომ მხოლოდ საჩხერე-რაჭის და წალკა-ნინოწმინდის მიმართულებით რჩება ნაწილობრივ აკრძალვები. იქ მისაბმელიანი და ნახევრად მისაბმელიანი ავტოსატრანსპორტო საშუალებები კვლავ ვერ გადაადგილდებიან.

გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, დღეიდან შემცირდება ნალექი და ტემპერატურაც მოიმატეს. სპეციალისტები ცივი ჰაერის მასების გავრცელებას 10 იანვრიდან კვლავ პროგნოზირებენ.

დღის ამბები