16 ნოემბერი 2024,   02:22
ვრცლად
ყოფილი პრემიერი პრეზიდენტის ძველი წესით არჩევას ითხოვს - ვინ უჭერს მხარს გახარიას პარტიის იდეებს საკონსტიტუციო ცვლილებებთან დაკავშირებით

პარტია "საქართველოსთვის" წევრების ინიციატივა პრეზიდენტის არჩევის წესის ცვლილებას ეხება. გიორგი გახარიას გუნდის წევრებმა პოზიცია შეიცვალეს და წარსულში მათივე მხარდაჭერილი ნორმის გადახედვას ითხოვენ. ამბობენ, რომ პრეზიდენტი პირდაპირი წესით უნდა აირჩეს, რაც, მათი თქმით, სახელმწიფო შტოების ლეგიტიმაციასა და დამოუკიდებლობას უზრუნველყოფს.

პარტია "საქართველოსთვის" წევრების ამ ინიციატივას მხარს არც ოპოზიციაში უჭერენ. კოლეგა პარტიებში ფიქრობენ, რომ ყოფილი პრემიერი პიარულ სვლას ცდილობს და საკონსტიტუციო ცვლილებების მოთხოვნის მიღმა რეალურად პოლიტიკური ინტერესი დგას. პოლიტიკური ძალები გახარიას წარსულს ახსენებენ და ინტერესდებიან, როდის შეიცვალა პოზიცია და რატომ დაუჭირა პრეზიდენტის არჩევის წესის ცვლილებას მხარი მაშინ, როცა ხელისუფლებაში იყო.

პარტია "საქართველოსთვის" წევრების ერთადერთი თანამოაზრე "ნაციონალური მოძრაობაა". ხაბეიშვილის გუნდი მზადაა ინიციატივას მხარი დაუჭიროს, რადგან თავადაც ფიქრობენ, რომ პრეზიდენტის არჩევას მაღალი ლეგიტიმაცია სჭირდება.

"იდეების კრიზისი" - ასე შეაფასეს "ქართულ ოცნებაში" გახარიას გუნდის ინიციატივა. სახელისუფლებო პარტია პრეზიდენტის არჩევის წესის ცვლილებას არ განიხილავს და ამ თემაზე დისკუსიის დაწყებასაც კი მიზანშეწონილად არ მიიჩნევს.

საქართველოში პრეზიდენტის პირდაპირი გზით არჩევის წესი 2017 წლის საკონსტიტუციო შესწორებით შეიცვალა. მოქმედი კონსტიტუციით, საქართველოს პრეზიდენტს 5 წლის ვადით ღია კენჭისყრით საარჩევნო კოლეგია აირჩევს, რომლი შემადგენლობაშიც 300 წევრი შედის.

დღის ამბები