19 სექტემბერი 2024,   05:14
ვრცლად
საბავშვო ზღაპრები ციხიდან - სათქმელი საკნიდან და საპატიმროში გაცოცხლებული ზღაპრის გმირები

"ერთ კარგ სახლში, ერთი ლამაზი და ჭკვიანი გოგო ცხოვრობდა, სახელად მარი," - ეს ერთი ზღაპრის ერთი წინადადებაა, რომელიც 2021 წელს პენიტენციური დაწესებულების ერთ-ერთ საკანში დაიწერა. თავისუფლების მიღმა პატიმრები თავისუფლებასა და მონატრებაზე წერენ - წერენ საკანში და წერენ შვილებისთვის. იდეა ორი წლის წინ გაჩნდა, როცა შვილების უკეთ გაცნობის და მათთან დაახლოების გზებს ეძებდნენ.

ციხის ბიბლიოთეკაში დაწერილი ზღაპრები ყველასა და ყველაფერზეა - მეგობრობაზე, თავგადასავლებით სავსე ცხოვრებაზე და რაც მთავარია - მომავლის იმედზე. ჰყვებიან, რომ შთაგონების წყარო შვილები არიან, რომლებიც მათ ზღაპრებს სახლში ყოველ ღამე ელოდებიან.

პატიმარი მეზღაპრეები ზღაპრებს არა მარტო იგონებენ და წერენ, არამედ ახმოვანებენ კიდეც. "ზღაპარი შვილს" - ასე დაარქვეს ცნობილი ზღაპრების აუდიოვერსიას, რომელიც დისკებზე ჩაწერეს და შვილებს გაუგზავნეს - "ჩემი შვილი ჩემი ზღაპრის გარეშე ვერ იძინებს" - ამბობს პატიმარი მეზღაპრე, იმ იმედით, რომ მალე მათ მოყოლას შვილისთვის პირადად შეძლებს.

ერთ-ერთ ოთახში ზღაპრის გმირები ცოცხლდებიან. შეხვდებით წითელქუდას, დათვს, დინოზავრს - სათამაშოებს, რომლებსაც პატიმრები სპეციალური აპარატის გამოყენებით ამზადებენ. ზოგს ყიდიან, ზოგს კი სახლში შვილებს უგზავნიან.

ჩადენილი დანაშაულის გამო, ახალ წელს ოჯახთან ერთად ვერ ხვდებიან, ამიტომ ცდილობენ, რომ საახალწლო განწყობა ერთმანეთს საახალწლო სიმღერით შეუქმნან. მუსიკას თავადაც ქმნიან და მომავალში, ზღაპრებთან ერთად, სიმღერების ჩაწერასაც გეგმავენ. ოთახში, სადაც მხოლოდ ინსტრუმენტებისა და სიმღერის ხმა ისმის, თითქოს დრო ჩერდება და, როგორც თავად ამბობენ, აქ თავისუფლებას ყველაზე მეტად გრძნობენ.

თავისუფლება მათი მთავარი საახალწლო ნატვრაა და სჯერათ, რომ, როგორც ყველა ზღაპარს, მათ ისტორიასაც კეთილი დასასრული ექნება.

ავტორი: ნანა გოგატაძე

დღის ამბები