16 ნოემბერი 2024,   03:55
ვრცლად
ირაკლი კობახიძის პრემიერობით, ევროპული ტიპის საპარლამენტო დემოკრატიის მომსწრენი ვხდებით, ეს იქნება ისტორიული მომენტი - შალვა პაპუაშვილი

რა ცვლილებებს უნდა ველოდოთ მინისტრთა ახალ კაბინეტში?! - მთავრობის ახალ შემადგენლობასთან დაკავშირებული დეტალები ხვალინდელი ყრილობის შემდეგ უნდა გახდეს ცნობილი. პრემიერობის კანდიდატად დასახელების შემდეგ, ირაკლი კობახიძე საკუთარ გუნდს პარლამენტს წარუდგენს. პროცესების საკანონმდებლო ორგანოში გადანაცვლებამდე, გადაწყვეტილებები ხვალ "ქართული ოცნების" პარტიულ ყრილობაზე უნდა გაფორმდეს. სწორედ ხუთშაბათს დაგეგმილ შეხვედრაზე უნდა დაასახელოს ირაკლი კობახიძე "ქართული ოცნების" საპატიო თავმჯდომარემ, ბიძინა ივანიშვილმა პრემიერ-მინისტრობის კანდიდატად. ყრილობაზევე მოხდება მთავრობის უკვე ყოფილი მეთაურის ირაკლი ღარიბაშვილის ქართული ოცნების თავმჯდომარედ არჩევაც.

პარლამენტის თავმჯდომარის განცხადებით, ირაკლი კობახიძე არის ის კანდიდატურა, რომელზეც მსჯელობს პარტია.

"აქაც მნიშვნელოვანია, ერთ რამეს გაესვას ხაზი, იმ შემთხვევაში თუ ირაკლი კობახიძე გახდება პრემიერ-მინისტრი, ესეც იქნება ისტორიული მომენტი. სხვა კანდიდატურა არ განიხილება. ისტორიული მომენტია ქართული დემოკრატიისთვის, რადგან პირველად მას შემდეგ, რაც საქართველო გადავიდა საპარლამენტო რესპუბლიკის წყობაზე, პრემიერ-მინისტრი წამოვა რეალურად საპარლამენტო წიაღიდან და პრინციპში ეს არის რეალური იდეა და მიზანი საპარლამენტო დემოკრატიებისა, როდესაც საპარლამენტო გამოცდილების მქონე პოლიტიკოსები არიან წარმოდგენილი მთავრობაში პრემიერ-მინისტრის სახით თუ სხვა სახით. ამიტომ, ვფიქრობ, რომ ეს შესძენს ახალ დინამიკას პარლამენტსა და მთავრობას შორის ურთიერთობას. ვფიქრობ, ოპოზიციისთვისაც ეს არის პოზიტიური მოვლენა და გარკვეულ გამოხმაურებებში ეტყობა კიდევაც. ვინაიდან ყოფილი კოლეგა, რომელთანაც წლები გაქვს გატარებული ერთ სხდომათა დარბაზში, პოლიტიკურ დისკუსიაში, უფრო საინტერესო არის შემდეგ და უფრო სხვანაირი ინტერაქცია არის, როდესაც ასეთი ადამიანი არის მთავრობაში ზოგადად, მინისტრის სახით იქნება თუ პრემიერ-მინისტრის სახით, სხვა დინამიკას შესძენს. სხვათა შორის, გიორგი ამილახვარის შემთხვევაში, ვფიქრობ, რომ ბევრმა ოპოზიციიდანაც იგრძნო, რომ ეს განსაკუთრებული ურთიერთობაა შემდეგ, პარლამენტის ყოფილ წევრებს სხვანაირად ესმით ერთმანეთის, იცის რა ადამიანმა შიდა პროცესები, რომელიც შიგნით მიდის და ვფიქრობ, საინტერესო წელი იქნება ქართული საზოგადოებისთვისაც, ვინაიდან ეს იქნება პირველი ასეთი გამოცდილება," – განაცხადა პაპუაშვილმა.

ამასთან, პაპუაშვილი აცხადებს, რომ საქართველოს პარლამენტს და ამ მოწვევის პარლამენტს ქვეყნის დემოკრატიულ განვითარებაში თავისი წვლილი შეაქვს.

"ეს მოვლენაც, რომ პარლამენტის წიაღიდან იყვნენ მთავრობის წევრები, პრემიერ-მინისტრი, ესეც ახალ დინამიკას აძლევს ჩვენს დემოკრატიას და კიდევ ერთხელ ხაზს უსვამს ერთ რამეს, რომ საპარლამენტო უმრავლესობა და მთავრობა არის ერთი პოლიტიკური გუნდი. ხშირად ჩვენთან ერევათ ხოლმე და წარმოდგენა აქვთ, რომ საპარლამენტო უმრავლესობა უნდა იყოს ჩასაფრებულ პოზიციაში მთავრობის მიმართ და კრიტიკოსი მთავრობის. ასეთი წარმოდგენებიც კი აქვთ ხოლმე ოპოზიციას. პირიქით არის, მთავრობა არის საპარლამენტო უმრავლესობის მთავრობა. ეს არის იდეა საპარლამენტო დემოკრატიის. ამიტომ, რა თქმა უნდა, ეს მოძრაობა აღმასრულებელ და საკანონმდებლო ხელისუფლებას შორის, არის ბუნებრივი. რიგ შემთხვევებში, თქვენ ალბათ იცით, რომ მთავრობის წევრები, ამავე დროს არიან ხოლმე პარლამენტის წევრები. ამიტომ, ეს არის სწორედ ის ევროპული ტიპის საპარლამენტო დემოკრატია, რომლის მომსწრენიც ჩვენ ვხდებით ირაკლი კობახიძის პრემიერ-მინისტრობის სახით," – განაცხადა პაპუაშვილმა.

დღის ამბები