საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი, ჟოზეფ ბორელი აცხადებს, რომ წევრმა ქვეყნებმა უკრაინის გარდა სხვა ქვეყნებში იარაღის ექსპორტი დროებით უნდა შეაჩერონ, - ამის შესახებ Euronews-ი წერს.
ბორელი სთხოვს მთავრობებს, აღნიშნულ თემაზე, "პოლიტიკური გადაწყვეტილება" სწრაფად მიიღონ.
"ჩვენ უნდა გავაკეთოთ მეტი და ვიმოქმედოთ სწრაფად, რადგან უკრაინამ უნდა გაიმარჯვოს", - ამბობს ბორელი.
მისივე შეფასებით, პრობლემაა, რომ ევროპული კომპანიები იარაღს იმ ქვეყნებში ჰყიდიან, რომლებიც ომში არ არიან.
"ჩვენი პროდუქციის მნიშვნელოვანი ნაწილი ექსპორტზე გადის მესამე ქვეყნებში. უკრაინისთვის საბრძოლო მასალის მიწოდების გაზრდის ყველაზე სწრაფი, იაფი და ეფექტური გზა მესამე ქვეყნებში ექსპორტის შეჩერებაა. ეს არის ის, რის გაკეთებაც მხოლოდ წევრ ქვეყნებს შეუძლიათ - და ესაა ჩემი თხოვნაც", - ამბობს ბორელი.