ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ორგანიზებით 26, 27 და 28 ივნისს, ქუთაისში, გასტრონომიული ფესტივალი „გემოფესტი“ გაიმართება.
ფესტივალი სამივე დღეს 15:00 საათიდან 00:00 საათამდე ვერიკო ანჯაფარიძის სკვერის მიმდებარე ტერიტორიაზე ჩატარდება, დასწრება თავისუფალია.
"გემოფესტში" პირველად აფხაზეთიდან 10 მეწარმე მიიღებს მონაწილეობას. ჯამში ფესტივალზე 20-მდე მეწარმე და18 ვენდორი იქნება წარმოდგენილი.
ფესტივალის ფარგლებში მოეწყობა სამეწარმეო ბაზარი, ღვინისა და ხემსის პავილიონი, აგრო ზონა, საბავშვო სივრცე, გრილისა და ბარის ზონები.
"გემოფესტის" სტუმრებს შესაძლებლობა ექნებათ დააგემოვნონ როგორც ტრადიციული, ასევე იშვიათი და ნაკლებად ცნობილი იმერული კერძები და მონაწილეობა მიიღონ ფესტივალის გასართობ აქტივობებში.
ღონისძიების მუსიკალურ პროგრამას დიჯეები და ბენდი გააფორმებენ.
27 ივნისს კონცერტზე წარმოდგენილი იქნება უცხოელი შემსრულებელი - სერ ვალდო ვეზერსი, მსოფლიოში ცნობილი საქსოფონისტი, რომელიც ცნობილია, ჯეიმს ბრაუნთან ხანგრძლივი თანამშრომლობით.
27 ივნისს 18:00 საათზე ფესტივალზე უელსი - საქართველოს რაგბის ახალგაზრდული მსოფლიო ჩემპიონატის ჩვენება მოეწყობა.
ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ორგანიზებით ფესტივალს გააშუქებენ საერთაშორისო მედიის წარმომადგენლებიც, "გემოფესტს" დაესწრება ნიდერლანდებიდან ინფლუენსერი ვულფ ალექსანდერი გადამღებ ჯგუფთან ერთად.
ალექსანდერი საქართველოს გასტრო ტურისტული პოტენციალის შესახებ ვიდეორგოლს ამზადებს. ფესტივალზე წარმოდგენილები იქნებიან კულინარიისა და ტურიზმის თემებზე მომუშავე ჟურნალისტები არაბთა გაერთიანებული საამიროებიდან და ომანიდან, მედიის წარმომადგენლები საქართველოს ტურისტული მიმართულების, მათ შორის ქართული კერძებისა და ფესტივალების შესახებ სტატიებს მოამზადებენ.
"გემოფესტის" მიზანია, საქართველოს რეგიონების მრავალფეროვანი სამზარეულოს პოპულარიზაცია და აღნიშნულ სფეროში მომუშავე ადგილობრივი მეწარმეების ხელშეწყობა. ფესტივალი ერთ სივრცეში გააერთიანებს ადგილობრივ მწარმოებლებს, მეწარმეებსა და გასტრონომიის მოყვარულებს, რაც რეგიონული პროდუქციის პოპულარიზაციასა და ადგილობრივი ბიზნესის განვითარებას შეუწყობს ხელს.