თბილისის საქალაქო სასამართლომ სრულად გაიზიარა პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების და ფსიქოტროპული ნივთიერების უკანონო შეძენის, შენახვის და საქართველოში უკანონოდ შემოტანის ფაქტებზე ბრალდებული დამნაშავედ ცნო, - ინფორმაციას საქართველოს პროკურატურა ავრცელებს.
"სასამართლო პროცესზე გამოკვლეული მტკიცებულებებით დადასტურდა, რომ ბრალდებულმა ბულგარეთის სახელმწიფოში ტრანზიტის მიზნით, საქართველოს ტერიტორიაზე უკანონოდ შემოიტანა, მის მართვის ქვეშ მყოფ სატვირთო ავტომანქანაში უკანონოდ შენახული ნარკოტიკული საშუალება - 88194,6 გრამი ჰეროინი და 271,7 გრამი დიაზეპამის შემცველი ფსიქოტროპული ნივთიერება.
სასამართლომ ბრალდებული დამნაშავედ ცნო საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მესამე ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით (განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა, შენახვა), 262-ე მუხლის მეოთხე ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით (განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების საქართველოში უკანონოდ შემოტანა) 261-ე მუხლის მესამე ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით (განსაკუთრებით დიდი ოდენობით ფსიქოტროპული ნივთიერების უკანონო შეძენა და შენახვა,) და 263-ე მუხლის მესამე ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით (განსაკუთრებით დიდი ოდენობით ფსიქოტროპული ნივთიერების უკანონოდ შემოტანა) წარდგენილ ბრალდებაში და სასჯელის სახედ და ზომად 18 წლით თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა." - ვკითხულობთ პროკურატურის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.