საქართველოს მასშტაბით ამინდი გაუარესდა. შეზღუდვები დაწესდა გზებზე. მცხეთიჯვარი-კაცხის მონაკვეთზე, აკრძალულია ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა, გომი-მცხეთიჯვარის მონაკვეთზე კი მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის გადაადგილება.
ინტენსიური თოვისა და დაბალი ტემპერატურის გამო, მოძრაობა დასაშვებია მხოლოდ მაღალი გამავლობის ავტოტრანსპორტისთვის ვაზიანი-გომბორი-თელავის საავტომობილო გზის თეთრიწყლები-ვერონას მონაკვეთზე.
თბილისი–სენაკი–ლესელიძის საავტომობილო გზის მუხრანი-საკასრიას ნაწილში, აკრძალულია მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ტრანსპორტის მოძრაობა.
„კახეთის რეგიონში, თელავისა და ახმეტის მუნიციპალიტეტებში გვაქვს ნალექი თოვლის სახით, თუმცა დილიდან, მერიის შესაბამისი სამსახურები ინტენსიურ რეჟიმში მუშაობენ. გაწმენდილია ცენტრალური გზები, ასევე გზებზე იყრება მარილი.
რაც შეეხება თელავი-გომბორის დამაკავშირებელ გზას, ამ ეტაპზე უსაფრთხოებიდან გამომდინარე დასაშვების მხოლოდ მოძრაობა მაღალი გამავლობის ავტომობილებისთვის.
იმ შემთხვევაში, თუ რეგიონში გაგრძელდება ინტენსიური თოვა, რვავე მუნიციპალიტეტის შესაბამისი დანაყოფები მზად არიან, მძიმე ტექნიკით და აღჭურვილობით, დროულად მოხდეს გზების გაწმენდა, გზებზე მარილის დაყრა და არ გამოიწვიოს გადაადგილების შეფერხება,“ - აცხადებს კახეთის სახელმწიფო რწმუნებული გიორგი ალადაშვილი.