27 ივლისი 2024,   04:39
ვრცლად
"ვეტო უნდა დაიძლიოს" - გიორგი ვოლსკი საარჩევნო კოდექსში ცვლილებებზე პრეზიდენტის ვეტოზე

პარლამენტი მორიგი ვეტოს დაძლევისთვის ემზადება. საუბარია საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის განცხადებაზე, სადაც აღნიშნულია, რომ სალომე ზურაბიშვილი "საარჩევნო კოდექსში ცვლილებებს" ვეტოს დაადებს.

პროცედურულად, პრეზიდენტის ვეტოს დაძლევას იმდენივე ხმა სჭირდება, რამდენიც კანონპროექტის მიღებას. შესაბამისად, მმართველ გუნდს მხარდამჭერთა საკმარისი რაოდენობა ჰყავს.

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე, გია ვოლსკი ამბობს, რომ ვეტო უნდა დაიძლიოს.

"ყველამ უნდა იცოდეს იმის შესახებ, რომ არსებობს ცენტრალური საარჩევნო კომისია, რომლის საქმიანობა არის უმაღლეს დონეზე შეფასებული ძალიან დადებითად. ვეტო უნდა დაიძლიოს. ერთხელ და სამუდამოდ, უნდა გვქონდეს ცენტრალური საარჩევნო კომისია ისეთი, რომელიც დანიშნულია იმ ვადით, როდესაც ვერცერთი პოლიტიკური ძალა ვერ მოახდენს გავლენას მის შემადგენლობაზე," - აცხადებს გიორგი ვოლსკი.

პარლამენტის ფრაქციის "ერთიანი ნაციონალური მოძრაობა - ძალა ერთობაშია" წევრი, დავით ხაჯიშვილი მიიჩნევს, რომ პრეზიდენტმა "საარჩევნო კოდექსში ცვლილებებს" ვეტო უნდა დაადოს.

"ვენეციის კომისიის რეკომენდაციაც იყო, რომ ეს კანონი არ უნდა მიგვეღო. ბატონმა ბორელმა, ევროკავშირის მთავარმა დიპლომატმა გვითხრა, რომ ჩვენ უნდა გავითვალისწინოთ ევროკომისიის ყველა რეკომენდაცია, თუმცა, სამწუხაროდ, ივანიშვილის პარტია ასე არ აკეთებს. მგონია, რომ ქალბატონმა პრეზიდენტმა სწორი ნაბიჯი უნდა გადადგას და ვეტო უნდა დაადოს ამ კანონპროექტს." - აცხადებს დავით ხაჯიშვილი.

პრეზიდენტის მიერ ვეტოს დადების გადაწყვეტილებას საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფის "გირჩი" თავმჯდომარე, იაგო ხვიჩია ეხმაურება.

"დამღალა "ქართული ოცნებისა" და ქალბატონი სალომეს შეთანხმებულმა ურთიერთქიშპობამ. სრულიად უაზრო კანონზე ვეტოს დადება, რომელსაც არც მისი მიღების შემთხვევაში და, არც მისი არ მიღების შემთხვევაში, არანაირი შედეგი არ მოჰყვება, ჩემი აზრით, არანაირი მნიშვნელობა არ აქვს," - აცხადეს იაგო ხვიჩია.

"საარჩევნო კოდექსში ცვლილებები წინააღმდეგობაშია, როგორც ვენეციის კომისიის, ასევე, ევროკავშირის 9 რეკომენდაციასთან" - ასე განმარტა სალომე ზურაბიშვილმა საკუთარი გადაწყვეტილება.

დღის ამბები