27 ივლისი 2024,   04:24
ვრცლად
ეს არის რადიკალურად დესტრუქციული დამოკიდებულება და არაფერი აქვს საერთო ჭეშმარიტებასთან - მიხეილ სარჯველაძე ვეტინგის სისტემასთან დაკავშირებით

სასამართლოს მიტაცების და მის დამოუკიდებლობაში ჩარევის მცდელობა "ნაციონალური მოძრაობის" მხრიდან, - ასე აფასებს მმართველი გუნდი "ნაციონალური მოძრაობის" მოთხოვნას ვეტინგის სისტემის დანერგვასთან დაკავშირებით.

პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარის განცხადებით, სისტემის მიხედვით კონკრეტულ მოსამართლეზე უცხო ქვეყნის პირებმა შეიძლება მიიღონ გადაწყვეტილება, იმსახურებს თუ არა ესა თუ ის პირი მოსამართლეობას.

მიხეილ სარჯველაძის შეფასებით, გარკვეულ პირებს, მართლმსაჯულებაში ხელის ფათურის შესაძლებლობის მოპოვება სურთ.

"ვინ იყოს მოსამართლე და ვინ არა - ამის რევიზიაზეა ლაპარაკი. გარკვეულ შემთხვევაში რომ გადაიხედოს და ითქვას, ეს მოსამართლე იმსახურებს მოსამართლეობას თუ არა, მიუხედავად იმისა, როგორ თვლიან საქართველოში. დღეს სასამართლო ხელისუფლება დამოუკიდებელია. ის არ არის არც ხელისუფლების და არც ოპოზიციის გავლენის ქვეშ. შეიძლება ვინმეს სურდეს სასამართლოში და მართლმსაჯულებაში ხელის ფათურის შესაძლებლობა მოიპოვოს. მოტივაცია, რომელიც ოპოზიციას აქვს გასაგებია - ეს არის რადიკალურად დესტრუქციული დამოკიდებულება და არაფერი აქვს საერთო ჭეშმარიტებასთან", - განაცხადა მიხეილ სარჯველაძემ.

დღის ამბები