02 ივნისი 2024,   07:36
ვრცლად
უკრაინაში ომი გრძელდება - 44-დღიანი პაუზის შემდეგ, საოკუპაციო ძალამ უკრაინის დედაქალაქს ისევ სარაკეტო ტერორი მოუწყო

კიევში, 44-დღიანი პაუზის შემდეგ, აფეთქებების ხმა ისევ გაისმა. თითქმის მთელი ღამის განმავლობაში ისმოდა საჰაერო განგაშის მაუწყებელი სიგნალიც. მოსახლეობამ ღამე თავშესაფრებსა და მეტროსადგურებში გაატარა. უკრაინის დედაქალაქის მთავრობა 13 დაშავებულის შესახებ ავრცელებს ცნობებს. დაზიანებულია საცხოვრებელი სახლები, უმაღლესის სასწავლო დაწესებულება და კომერციული ობიექტები.

საოკუპაციო ძალამ, ღამის განმავლობაში, უკრაინის სხვადასხვა ოლქის მისამართით, 31 რაკეტა გაისროლა. მათგან 29 ფრთოსანი და 2 ბალისტიკური. საჰაერო თავდაცვის სისტემამ ყველა სამიზნე გაანადგურა.

დაღუპულებს გლოვობენ ხარკოვში - აქ აგრესორმა მიზანში მჭიდროდ დასახლებული საცხოვრებელი უბანი ამოიღო. 2 რაკეტის აფეთქების შედეგად, დაიღუპა 5 ადამიანი, მძიმედ დაშავდა 7.

მძიმე ვითარებაა რუსეთის ბელგოროდის ოლქშიც. აქ რამდენიმე დასახლებას პუტინის რეჟიმს დაპირისპირებული შეიარაღებული ფორმირებები აკონტროლებენ. არ წყდება შეტევა სამხედრო და სამოქალაქო ინფრასტრუქტურაზე. დივერსიული ჯგუფები ათობით დატყვევებული რუსი ჯარისკაცის შესახებ ავრცელებენ ინფორმაციას. ადგილობრივმა ხელისუფლებამ 9 000 ბავშვის ევაკუაციის გადაწყვეტილება მიიღო.

კვლავ მძიმე ვითარება ფრონტის ხაზზე, სადაც, უკანასკნელი 24-საათის განმავლობაში, 70-ზე მეტი საბრძოლო შეტაკება დაფიქსირდა. უკრაინის გენერალური შტაბის ინფორმაციით, დღე-ღამის განმავლობაში, ლიკვიდირებულია 750 რუსი ჯარისკაცი. აფეთქებულია ოკუპანტის 4 ტანკი, 16 ჯავშანმანქანა და 26 საარტილერიო სისტემა. საკუთარ დანაკარგს კვლავ მალავს და კიევის ზარალს აღწერს რუსეთის თავდაცვის სამინისტრო. შოიგუს უწყებაში ამტკიცებენ, რომ 500-ზე მეტი ჯარისკაცი გაანეიტრალეს.

რუსეთის თავდაცვის სამინისტრო ამბობს იმასაც, რომ მისი მომავალი შეტევები გაცილებით მასშტაბური იქნება. ამის მიზეზი 3-ტონიანი ავიაბომბები "ფაბ-3000"-ია, რომლის მასობრივ წარმოებას ოკუპანტი ქვეყანა უკვე შეუდგა. იარაღი ურბანული, ინდუსტრიული და საპორტო ინფრასტრუქტურის წინააღმდეგ გამოიყენება.

დღის ამბები