16 ნოემბერი 2024,   14:30
ვრცლად
სახელმწიფოს მხრიდან ონკოპაციენტი ბავშვების საზღვარგარეთ მკურნალობის დაფინანსება გრძელდება - დღემდე პროგრამაში 89 ბავშვი ჩაერთო

სახელმწიფოს მხრიდან, ონკოპაციენტი ბავშვების საზღვარგარეთ მკურნალობის დაფინანსება გრძელდება. ამოქმედებიდან დღემდე, პროგრამაში 89 ბავშვი ჩაერთო. პაციენტები მკურნალობის კურსს მსოფლიოს წამყვან კლინიკებში გადიან. ჯანდაცვის უწყებაში კიდევ ერთხელ განმარტეს, რომ ამ მიმართულებით ბიუჯეტი გაწერილია და ონკოპაციენტ ბავშვებს მაღალი ხარისხით მკურნალობის შესაძლებლობა მომავალშიც ექნებათ.

ონკოლოგიური დიაგნოზის მქონე ბავშვებს საზღვარგარეთ სამედიცინო მომსახურების მიღება 6 წამყვან კლინიკაში შეუძლიათ. თურქეთი, ესპანეთი და ისრაელი - ეს იმ ქვეყნების ჩამონათვალია, სადაც ბავშვები ყოველგვარი ხარჯის გარეშე საჭირო მკურნალობის კურსს გადიან. "რუსთავი 2" დღეს თურქეთში, ერთ-ერთ წამყვან კლინიკას დაუკავშირდა. "მემორიალის"კლინიკების ქსელის საქართველოს გუნდის ხელმძღვანელი ამბობს, რომ იანვრიდან დღემდე სამედიცინო დაწესებულებამ სხვადასხვა დიაგნოზით 25 პაციენტი მიიღო.

საერთაშორისო სტანდარტით, მაღალი ხარისხით მკურნალობის შესაძლებლობაზე აკეთებენ აქცენტს ჯანდაცვის სამინისტროში. უწყებაში ამბობენ, რომ პაციენტებისთვის კლინიკების შერჩევა, ონკოლოგიის საერთაშორისო საბჭოს გადაწყვეტილებით ხდება.

მიხეილ სარჯველაძე სპეკულაციას და ტყუილს უწოდებს ბოლო დღეების განმავლობაში სოციალურ ქსელში გავრცელებულ ინფორმაციას, თითქოს არასრულწლოვანი ონკოპაციენტების დაფინანსებას საფრთხე ემუქრება. ჯანდაცვის მინისტრი ამბობს, რომ პროგრამისთვის საჭირო თანხა სახელმწიფო ბიუჯეტში გაწერილია და მისი გადახედვა არ იგეგმება.

ონკოლოგიური დიაგნოზის მქონე ბავშვების საზღვარგარეთ მკურნალობის პროგრამა 2023 წლის 31 ივლისიდან ამოქმედდა. ბენეფიციარების საზღვარგარეთ მკურნალობის ხარჯებს სახელმწიფო სრულად აფინანსებს.

 

დღის ამბები