ეს იქნება ერთგვარი საპილოტე პროგრამა, რომელიც წელს ამოქმედდება, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ, კურსდამთავრებულთა სტაჟირების პროგრამასთან დაკავშირებით, სახელმწიფო უნივერსიტეტების სტუდენტებთან შეხვედრისას განაცხადა.
როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, მთავარი მიზანი არის ის, რომ კურსდამთავრებულებს ჰქონდეთ მაქსიმალურად კარგი შესაძლებლობა, თავიდანვე, დაბრკოლების გარეშე ჩაერთონ პროფესიულ ცხოვრებაში.
"ეს იქნება ერთგვარი საპილოტე პროგრამა, რომელიც წელს ამოქმედდება. შეიძლება იყოს გარკვეული პრობლემები, რაც გამოვლინდება პროგრამის ამოქმედებისას, თუმცა ჩვენ გვექნება იმის შესაძლებლობა, რომ მომავალ წლამდე კიდევ უფრო მეტად დავხვეწოთ ეს პროგრამა და მივცეთ საბოლოო ჯამში ისეთი სახე, როგორიც მას უნდა ჰქონდეს. მთავარი მიზანი არის ის, რომ კურსდამთავრებულებს ჰქონდეთ მაქსიმალურად კარგი შესაძლებლობა, თავიდანვე დაბრკოლების გარეშე ჩაერთონ პროფესიულ ცხოვრებაში. არის სხვადასხვა ტიპის პრობლემები, მათ შორის ერთ-ერთი, რაზეც გვესაუბრებიან ხოლმე ახალგაზრდები არის ის, რომ ჯერ ახალი დამთავრებული გაქვს უნივერსიტეტი, არ გაქვს გახსნილი CV, ასე ვთქვათ, ჯერ არ გაქვს სამუშაო სტაჟი და ამ დროს მიდიხარ სახელმწიფო უწყებებში, სადაც როდესაც გამოცხადებულია კონკურსი თავიდანვე ითხოვენ სამუშაო სტაჟს. ერთ-ერთი მთავარი, რასაც მოგვცემს ეს სამუშაო პროგრამა არის ის, რომ თავიდანვე შეიძენთ სტაჟს და გარდა ამისა, მიიღებთ რა თქმა უნდა, უნიკალურ გამოცდილებას, რომელიც შემდეგ მოგცემთ თქვენი პროფესიული კარიერის კიდევ უფრო მეტად განვითარების შესაძლებლობას. ამ ყველაფერზე დღეს გვინდა ვისაუბროთ თქვენთან ერთად, თქვენთან ერთად დავხვეწოთ ეს პროგრამა,"- აღნიშნა პრემიერმა.