01 მაისი 2024,   20:10
ვრცლად
მზად ვართ ნებისმიერი სცენარისთვის, როგორც თავდაცვითი, ასევე შეტევითი, განვსაზღვრეთ მკაფიო პრინციპი: ვინც ზიანს მოგვაყენებს, ჩვენც შესაბამისად ვუპასუხებთ - ისრაელის პრემიერი

ისრაელი სამხედრო ოპერაციას დასრულებულად ჯერ არ აცხადებს. ქვეყნის თავდაცვის მინისტრი მზაობას ყველა სცენარისთვის ადასტურებს.

"გუშინ საღამოს ირანმა ისრაელზე თავდასხმა დაიწყო, 300-ზე მეტი სხვადასხვა სახის იარაღი გამოიყენეს. საფრთხის 99% აღკვეთილია და ეს ძალიან მნიშვნელოვანი სტრატეგიული მიღწევაა. ირანის მიერ გაშვებული იყო დაახლოებით 170 უპილოტო საფრენი აპარატი, რომელთაგან არცერთს არ გადმოუკვეთავს ისრაელის საზღვარი.

ათეულობით მათგანი შეჩერდა ისრაელის საჰაერო ძალების მებრძოლების, ჩვენი საჰაერო თავდაცვის სისტემების, ასევე ჩვენი პარტნიორების საჰაერო თავდაცვის სისტემების და თვითმფრინავების გამოყენებით.

ირანის მიერ გაშვებული 30-ზე მეტი საკრუიზო რაკეტიდან ვერც ერთმა ვერ მიაღწია მიზანს. 120-ზე მეტი ბალისტიკური რაკეტიდან მხოლოდ რამდენიმემ შეაღწია ისრაელის ტერიტორიაზე. დარტყმა იყო ნევატიმის საჰაერო ძალების ბაზაზე, რამაც მხოლოდ მცირე ზიანი მიაყენა ინფრასტრუქტურას. როგორც ხედავთ, ბაზა ფუნქციონირებს და აგრძელებს დავალებების შესრულებას," - აცხადებს ისრაელის თავდაცვის ძალების პრეს-სპიკერი დანიელ ჰაგარი.

ისრაელის პრემიერ-მინისტრი ბენიამინ ნეთანიაჰუ ამბობს, რომ ისრაელი ირანის პირდაპირი შეტებისთვის მზად არის. პრემიერის განცხადებით, ქვეყნის მთავარი პრინციპია, ვინც ზიანს მიაყენებს ისრაელს - ისრაელიც შესაბამისად უპასუხებს.

"ისრაელი მზად არის ირანის პირდაპირი შეტევისთვის. ჩვენი თავდაცვითი სისტემები განლაგებულია; ჩვენ მზად ვართ ნებისმიერი სცენარისთვის, როგორც თავდაცვითი, ასევე შეტევითი. ისრაელის სახელმწიფო ძლიერია. ჩვენ ვაფასებთ აშშ-ს ისრაელის გვერდით დგომას, ისევე როგორც ბრიტანეთის, საფრანგეთის და მრავალი სხვა ქვეყნის მხარდაჭერას. ჩვენ განვსაზღვრეთ მკაფიო პრინციპი: ვინც ზიანს მოგვაყენებს - ჩვენც შესაბამისად ვუპასუხებთ. ისრაელელებო მოგიწოდებთ, მიჰყვეთ თავდაცვის ძალების ინსტრუქციებს და გამოიჩინოთ ყურადღება. ერთად დავდგეთ და ღვთის დახმარებით დავძლიოთ ყველა ჩვენი მტერი," - აცხადებს პრემიერ-მინისტრი.

მსოფლიო ლიდერები კი ირანის საჰაერო თავდასხმებს ისრაელის წინააღმდეგ გმობენ და თელავივს მხარდაჭერას უდასტურებენ. დღესვე ისრაელის მოთხოვნით, გაერო-ს უშიშროების საბჭო საგანგებო სხდომას გამართავს.

ირანის მხრიდან ისრაელზე განხორციელებულ საჰაერო თავდასხმას ევროპული საბჭოს პრეზიდენტი სოციალური ქსელით ეხმაურება.

"ყველაფერი უნდა გაკეთდეს, რათა არ მოხდეს შემდგომი რეგიონული ესკალაცია. ჩვენ გავაგრძელებთ სიტუაციის დაკვირვებას ჩვენს პარტნიორებთან ერთად," – აცხადებს შარლ მიშელი.

სოციალურ ქსელში განცხადებას ავრცელებს ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელიც.

"ევროკავშირი მკაცრად გმობს ირანის მიუღებელ თავდასხმას ისრაელის წინააღმდეგ. ეს არის უპრეცედენტო ესკალაცია და სერიოზულ საფრთხეს უქმნის რეგიონულ უსაფრთხოებას," – აცხადებს ჯოზეფ ბორელი.

ისრაელზე ირანის თავდასხმა დაგმო გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრმაც. ანალენა ბერბოკის განცხადებით, ფაქტი მთელ რეგიონს ქაოსში ჩაძირვის საფრთხის წინაშე აყენებს.

"ირანმა და მისმა მარიონეტებმა დაუყოვნებლივ უნდა შეწყვიტონ ეს. ისრაელს სრულ სოლიდარობას ვუცხადებთ," - წერს ბერბოკი.

დღის ამბები