ირანის ომიდან გამოსვლის პროცესში ტრამპის ადმინისტრაციის ერთ-ერთი მთავარი გამოწვევა ის მიზნებია, რომლებიც პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა და მისმა გუნდმა თავიდანვე განსაზღვრეს, - წერს CNN.
გამოცემის ცნობით, ეს მიზნები მოიცავდა "ირანის სრულ კაპიტულაციას, რეჟიმის შეცვლას, ირანის მხრიდან ბირთვული იარაღის მიღების სამუდამო გამორიცხვას და ახლო აღმოსავლეთში ისეთი ჯგუფების მხარდაჭერის დასრულებას, როგორიცაა ჰეზბოლა", თუმცა, იმის მიხედვით, თუ როგორ გაგრძელდა უკვე მეექვსე თვეს გადასული ომი, ეს ჩამონათვალი შესამჩნევად შეიცვალა და შემცირდა. ვიცე-პრეზიდენტმა ჯეი დი ვენსმა კი ამ მიზნების შერბილება კიდევ უფრო თვალსაჩინო ფორმით წარადგინა, რაც იმის მორიგი ნიშანია, რომ ადმინისტრაცია შესაძლოა ნაკლებით, ან შესაძლოა, საკმაოდ მცირე შედეგებით დაკმაყოფილებისთვის ემზადება.
მედიამ ვენსს ჰკითხა, თუ როგორ შეიძლებოდა დასრულებულიყო ეს ომი. მან ორი ძირითადი მიზანი დაასახელა:
"პირველი არის იმის უზრუნველყოფა, რომ ყურის ქვეყნებმა განაგრძონ ნავთობისა და გაზის მიწოდება მსოფლიო ეკონომიკისთვის, რათა გვქონდეს ენერგორესურსების ფასების სტაბილურობა", - განაცხადა მან და დასძინა: "ეს არის ნომერ პირველი მიზანი: შევინარჩუნოთ იაფფასიანი ნავთობი და გაზი ამერიკელებისთვის ჩვენი ქვეყნის ყველა კუთხეში. და ცხადია, მეორე მიზანია იმის გარანტია, რომ ირანი ბირთვულ იარაღს ვერასდროს მიიღებს".
ეს ადმინისტრაციის ძველი მიზნებისგან სრულიად განსხვავდება და პრიორიტეტების ის თანმიმდევრობა, რომელიც ვენსმა შესთავაზა, საყურადღებოა.
როდესაც ვენსს ამ განცხადების შესახებ ჰკითხეს, თეთრი სახლის პრესმდივანმა კაროლინ ლევიტმა აღნიშნა, რომ "ორივე მიზანი პრეზიდენტისთვის თანაბრად მნიშვნელოვანია".
ადმინისტრაცია ირანის მიერ ბირთვული იარაღის არქონას თითქმის ყოველთვის მთავარ გამოწვევად მიიჩნევდა.
კიდევ მაისში ტრამპმს ჰკითხეს, ითვალისწინებდა თუ არა ის ამერიკელების ფინანსურ მდგომარეობას ომის მოგვარების მცდელობისას, ტრამპმა უპასუხა: „ცოტათიც კი არა“. ტრამპმა ეს პოზიცია მეორედ, რამდენიმე დღის წინაც გაიმეორა და აღნიშნა, რომ ის „არასდროს მოიხდის ბოდიშს“ იმის გამო, რომ ამერიკელებს საწვავში ცოტა მეტის გადახდა უწევთ.