01 მაისი 2024,   17:27
ვრცლად
სროლა და დაჭრა ტაბიძის ქუჩაზე - რა ჩანს "რუსთავი 2-ის" მიერ ექსკლუზიურად მოპოვებულ კადრებში

სროლა ტაბიძის ქუჩაზე - "რუსთავი 2-ის" მიერ ექსკლუზიურად მოპოვებულ კადრებში ჩანს, თუ როგორ ცდილობენ გამვლელები დაჭრილი მამაკაცის დახმარებას. მსხვერპლი გიორგი რუხაძეა. მას თავს ნიღბიანი მამაკაცი მაშინ დაესხა, როცა საკუთარი სახლიდან გამოვიდა და ავტომობილში ჯდებოდა. "კურიერის" ინფორმაციით, რუხაძეს რამდენიმე ტყვია მოხვდა. დანაშაულის ადგილი ვაკე, ტაბიძის 110 ნომერია. სროლა დაახლოებით დღის 12 საათზე, უამრავი თვითმხილველის თანდასწრებით დაიწყო.

"კურიერმა" დანაშაულის ადგილიდან კიდევ ერთი ვიდეომასალა მოიპოვა. ადგილობრივის მიერ ტელეფონით გადაღებულ კადრებში მეორე დაჭრილიც ჩანს. ეს უკვე გიორგი რუხაძის დაცვის თანამშრომელია. კახა გაბრიელაშვილი, რომელსაც სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების პირველი დღე ჰქონდა, მასაც ცეცხლნასროლი ჭრილობა აქვს მიყენებული.

კახა გაბრიელაშვილთან ერთად, ტაბიძის ქუჩაზე, გიორგი რუხაძის დაცვის უფროსი და ვიცე პოლკოვნიკი ვასილ როსტევანიშვილიც იმყოფებოდა. სწორედ მან მოახერხა თავდამსხმელის შეჩერება. როსტევანიშვილმა შეიარაღებული მამაკაცი საპასუხო სროლით დაჭრა. მას დაზიანება თავის არეში აქვს მიყენებული. კურიერმა თავდამსხმელის ვინაობა გაარკვია. ის სერგი ქურთიაშვილია.

რატომ გადაადგილდებოდა გიორგი რუხაძე გაძლიერებული დაცვით და ჰქონდა თუ არა ინფორმაცია მოსალოდნელი თავდასხმის შესახებ? ამ კითხვას პასუხს დანაშაულის სავარაუდო მოტივი სცემს. ცნობილია, რომ ტაბიძის ქუჩაზე სროლას წინ უძღოდა ჯერ კიდევ ორი წლის წინ, ასევე ვაკეში, არაყიშვილის ქუჩაზე სერგი ქურთიაშვილზე შეიარაღებული თავდასხმა. მაშინ ქურთიაშვილს 10 ტყვია ჰქონდა მოხვედრილი. ამ დანაშაულისთვის სასჯელს უკვე იხდიან ძმები გუგა და დათა კაკულიები, რომლებიც გიორგი რუხაძის ბიძაშვილები არიან.

ქალაქის ცენტრში დაჭრილი სამივე მამაკაცი ერთ კლინიკაში მიიყვანეს. ყველა მათგანს სასწრაფო ქირურგიული ჩარევა დასჭირდა. სერგი ქურთიაშვილი და კახა გაბრიელაშვილი ამ დრომდე რეანიმაციულ განყოფილებაში, მართვით სუნთქვაზე რჩებიან. გიორგი რუხაძე კი, ოპერაციის შემდეგ ოჯახმა ხეჩინაშვილის სახელობის საავადმყოფოდან სხვა, კერძო კლინიკაში გადაიყვანა.

საქმეზე სამართალდამცველებმა ერთი პირი, გიორგი რუხაძის დაცვის უფროსი, ვასილ როსტევანიშვილი დააკავეს. მას გამოძიება განზრახ მკვლელობის მცდელობას ედავება.

ვასილ როსტიაშვილს ბრალს სავარაუდოდ, ხვალ დაუზუსტებენ. არ არის გამორიცხული გამოძიების მიმდინარეობის პროცესში ბრალი გადაკვალიფიცირდეს.

დღის ამბები