ცაგერის მუნიციპალიტეტის მერი ჭაბუკი ჭაბუკიანი, საკრებულოს თავმჯდომარე ვასილ საღინაძესთან ერთად, ლეჩხუმის ისტორიულ და მრავალეთნიკურ სოფელ ლაილაშში სახალხო დღესასწაულს - „ლაილაშობა – 2026“ დაესწრო.
ღონისძიების ფარგლებში, მერმა და საკრებულოს თავმჯდომარემ გვირგვინით შეამკეს 1924 წლის აჯანყების გმირთა მემორიალი, რის შემდეგაც სტუმრებთან ერთად ლაილაშის ისტორიული ცენტრი და სოფლის ღირსშესანიშნაობები დაათვალიერეს, მათ შორის – ლაილაშის ხალხთა მეგობრობის ობელისკი.
სახალხო დღესასწაულის ფარგლებში, ლაილაშის ისტორიულ ბულვარში მოეწყო ადგილობრივი ნაწარმის, ხელნაკეთი ნივთებისა და ადგილობრივი მარნების პროდუქციის გამოფენა-გაყიდვა. წარმოდგენილი იყო ლეჩხუმური თონე და ტრადიციული კულინარია. დამთვალიერებლებს შესაძლებლობა ჰქონდათ, გასცნობოდნენ ფოტოარქივს, ეთნოგრაფიულ ნივთებსა და ლეჩხუმელი მხატვრების ნამუშევრებს.
დღესასწაული საზეიმო კონცერტით გაგრძელდა, რომელშიც ადგილობრივი შემოქმედებითი ჯგუფები და შემსრულებლები მონაწილეობდნენ. მსმენელის წინაშე ასევე წარდგნენ თიკა ჯამბურია და ბენდი „აიასი“.
„ლაილაშობა – 2026“, ტრადიციულად, ფოიერვერკით დასრულდა.
ღონისძიებას ცაგერის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილეები - რევაზ ახვლედიანი და მამუკა ლეთოდიანი, საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილეები - რეზო ხეცურიანი და ონისე ჩაკვეტაძე, ფონდი „ლეჩხუმისათვის“ თავმჯდომარე მაგდა ყურაშვილი და მერიის განათლების, კულტურისა და სპორტის სამსახურის უფროსი გოგი კვირიკაშვილი ესწრებოდნენ.
სახალხო დღესასწაულს ადგილობრივ მოსახლეობასთან ერთად ესწრებოდნენ სტუმრები როგორც საქართველოს სხვადასხვა რეგიონიდან, ისე ისრაელიდან.