27 ივლისი 2024,   03:43
ვრცლად
ლევან ხაბეიშვილი, ნიკა გვარამია, მამუკა ხაზარაძე, ზურაბ ჯაფარიძე, გიორგი ვაშაძე - რუსთაველის გამზირზე შეკრებილებს ოპოზიციონერმა ლიდერებმა მიმართეს

პარლამენტის წინ დამონტაჟებული სცენიდან რუსთაველის გამზირზე შეკრებილ დემონსტრანტებს სიტყვით ოპოზიციონერმა ლიდერებმა მიმართეს.

ხელისუფლების ოპონენტების თქმით, ისინი ბრძოლის გაგრძელებას აპირებენ ხალხთან ერთად და მზად არიან, ამისთვის ერთმანეთის მიმართ პოლიტიკური წყენაც დაივიწყონ.

მათ გამოჩენას აქციის მონაწილეებს შორის არაერთგვაროვანი რეაქცია მოჰყვა.

"სტრატეგია აღმაშენებლის" ლიდერის, გიორგი ვაშაძის განცხადებით, ოპოზიცია ერთიანი იქნება მანამ, სანამ საბოლოო გამარჯვებამდე არ მივლენ.

"თქვენ წინაშე ვდებთ პირობას, რომ ოპოზიცია ერთიანი იქნება საბოლოო გამარჯვებამდე. დიდი მადლობა თქვენ, ამ ბრძოლისთვის. ძალა ერთობაშია, საქართველო ერთიანია", - განაცხადა გიორგი ვაშაძემ.

პარტია "გირჩი - მეტი თავისუფლების" ლიდერის, ზურაბ ჯაფარიძის განცხადებით, აქციაზე დგომა და თავისუფლებისთვის ბრძოლა პრივილეგიაა, რაც მმართველი გუნდის ლიდერებს არ ესმით.

"ყოველდღე, ყოველ საღამოს აქ დგომა ბევრი საათით, ღამეების თენება - ეს არ არის არც საქმე და არც ტვირთი, ამ იდიოტებს არ ესმით, რომ ეს არის თითოეული ჩვენგანის პრივილეგია იმიტომ, რომ არ არსებობს ცხოვრებაში უფრო დიადი და ღირსეული მიზანი, ვიდრე თავისუფლებისთვის ბრძოლაა და ამ ქვეყანას სჭირდება ერთობა. ერთობა არის ერთადერთი გზა გამარჯვების", - განაცხადა ზურაბ ჯაფარიძემ.

"ერთი წინადადებით გეტყვით - ქვეყანა თქვენია, თქვენ ის უნდა წაიყვანოთ წინ", - ამ სიტყვებით კი აქციის მონაწილეებს პარტია "ახალის" თანათავმჯდომარემ, ნიკა გვარამიამ მიმართა.

პარტია "ლელოს" ლიდერის, მამუკა ხაზარაძის განცხადებით, პროტესტი არ შეწყდება.

"დღეიდან უნდა მოვემზადოთ, უახლოეს ხანში, თუ საჭირო დადგა, საყოველთაო გაფიცვისთვის", - განაცხადა მამუკა ხაზარაძემ.

"ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარის, ლევან ხაბეიშვილის თქმით კი, აქციაზე დაკავებულებსა და დაშავებულებს სოლიდარობას უცხადებს.

"მინდა, ყველა დაშავებულს, დაკავებულს გამოვუცხადო სოლიდარობა. რამდენიმე ათეული ახლა წევს საავადმყოფოში", - განაცხადა ლევან ხაბეიშვილმა.

დღის ამბები