16 ნოემბერი 2024,   10:25
ვრცლად
თურქეთში ვიზიტის ფარგლებში, ირაკლი კობახიძე რეჯეფ თაიფ ერდოღანს პირისპირ ხვდება

საქართველოს პრემიერ-მინისტრი, რომელიც თურქეთში ვიზიტით იმყოფება, რეჯეფ თაიფ ერდოღანს პირისპირ ხვდება.

ამის შემდეგ, მოლაპარაკება გაფართოებულ ფორმატში გაგრძელდება. ცოტა ხნის წინ დასრულდა თურქეთის პრეზიდენტის სასახლეში პრემიერ-მინისტრის დახვედრის ოფიციალური ცერემონია. ირაკლი კობახიძეს, რეჯეფ თაიფ ერდოღანი მასპინძლობს. ვიზიტის ფარგლებში, დაგეგმილია რამდენიმე დოკუმენტზე ხელმოწერის ცერემონია, რის შემდეგაც საქართველოს პრემიერი და თურქეთის პრეზიდენტის ერთობლივ განცხადებებს გააკეთებენ, რომელსაც "კურიერი" პირდაპირ ეთერში შემოგთავაზებთ. ეს თურქეთში, პრემიერის რანგში, ირაკლი კობახიძის პირველი ვიზიტია.

საქართველოს დელეგაციაში, რომელსაც პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე ხელმძღვანელობს, პირველი ვიცე-პრემიერი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ლევან დავითაშვილი, ვიცე-პრემიერი, თავდაცვის მინისტრი ირაკლი ჩიქოვანი, საგარეო საქმეთა მინისტრი ილია დარჩიაშვილი, განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრი გიორგი ამილახვარი, ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი მიხეილ სარჯველაძე, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძე და მთავრობის ადმინისტრაციის უფროსი ლევან ჟორჟოლიანი არიან.

დღის ამბები