22 ივნისი 2024,   07:59
ვრცლად
თავდასხმა სლოვაკეთის პრემიერზე - რობერტ ფიცოს ჯანმრთელობის მდგომარეობა უკვე სტაბილურია

სლოვაკეთის პრემიერს 4 ტყვია იმ დროს ესროლეს, როდესაც რობერტ ფიცო, ქალაქ ჰანდლოვაში, მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ, შენობის გარეთ შეკრებილ მოსახლეობას ხვდებოდა. 59 წლის ფიცოს ახლო რადიუსდან გაუხსნეს ცეცხლი. პრემიერი მუცელში, მკლავსა და ფეხში მძიმედ დაიჭრა. სლოვაკეთის პრემიერი ჯერ ადგილობრივ კლინიკაში, შემდეგ კი, ვერტმფრენით, 30 კილომეტრში, მთავარ ტრავმატოლოგიურ ცენტრში გადაიყვანეს.

ორი სამედიცინო ჯგუფი ურთულეს ქირურგიული ოპერაციას, სლოვაკეთის პრემიერის გადასარჩენად, 5 საათის განმავლობაში ატარებდა. პრემიერ ფიცოს მდგომარეობა უკვე სტაბილურია. ის საავადმყოფოში, ექიმების მეთვალყურეობის ქვეშ რჩება.

დანაშაულის ადგილზე პოლიციამ 71 წლის იურაჯ ცინტულა დააკავა. ვინ არის დაკავებული და რა გახდა დანაშაულის მოტივი? - ამის შესახებ ადგილობრივი პრესა სხვადასხვა ვერსიას წერს. ერთი რამ დანამდვილებით ცნობილია - დანაშაულის იარაღი ეჭვმიტანილს ლეგალურად ჰქონდა. ცინტულა სლოვაკი მწერალი და სამოქალაქო აქტივისტია. თავდამსხმელი მემარცხენე ლიტერატურული კლუბის "რეინბოუს" დამაარსებელი და წევრი იყო. მან რამდენიმე ჯილდოც მოიგო და, 2015 წლიდან, პროფესიული ასოციაციის წევრიც იყო. მუშაობდა დაცვის კერძო კომპანიაში. სოციალურ ქსელში ვრცელდება დაკავებულის ვიდეო, სადაც ის აცხადებს, რომ მთავრობის პოლიტიკას არ ეთანხმება და სწორედ ეს არის დანაშაულის მოტივი. პოლიციამ თავდამსხმელს ბრალი უკვე წაუყენა. დაკავებულს 25 წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრება. დააკავეს ეჭვმიტანილის მეუღლეც.

ფიცოს ბევრი ოპონენტი ჰყავს. თავად სლოვაკეთი, რომელიც პატარა ქვეყანაა, პოლიტიკურად პოლარიზებულია, თუმცა სლოვაკი პოლიტიკოსები აცხადებენ, რომ ამ მასშტაბის ძალადობრივ აქტს არავინ ელოდა ქვეყანაში. სლოვაკეთის პრემიერზე განხორციელებული თავდასხმის შემდეგ, სოციალურ ქსელში, სიძულვილის გამომხატველი შინაარსის კომენტარები 60 პროცენტით გაიზარდა. პოლიციამ მედიას სთხოვა, კონტროლი გაუწიოს, სოციალურ ქსელებში ინფორმაციის გავრცელებას. სლოვაკეთის ისტორიაში უპრეცედენტო სიტუაციაა, როცა პოლიციამ მედიას კომენტარების ღილაკის გამორთვა მოსთხოვა.

59 წლის ფიცო, ძალაუფლებაში, მეოთხე ვადით, გასულ წელს, არჩევნების შემდეგ მოვიდა. პრემიერს ხშირად სდებენ ბრალს პუტინთან კავშირში. ღიად გამოხატავს უკრაინის წინააღმდეგ საკუთარ პოზიციას და სლოვაკეთმა ომში მყოფ ქვეყანას დახმარებაც შეუჩერა. ფიცო სლოვაკეთის ხელისუფლებაში ყველაზე ხანგრძლივი ვადით მყოფი ლიდერია.
 
 

დღის ამბები