27 ივლისი 2024,   04:24
ვრცლად
ოჯახის სიწმინდის დღე და მსვლელობა თბილისში - რას ამბობს პატრიარქის მოსაყდრე ქვეყანაში არსებულ დაპირისპირებაზე

მოქალაქეებმა, რომლებიც ქუჩაში ოჯახის სიწმინდის დღის აღსანიშნავად გამოვიდნენ, შეკრება ქვეყნის მთავარ გამზირზე დღის 12 საათიდან დაიწყეს.

რუსთაველი მალევე გადაიკეტა. სასულიერო პირებთან და სტიქაროსნებთან ერთად, ქაშვეთთან, სხვადასხვა თაობის წარმომადგენლები მივიდნენ. ბავშვები, ახალგაზრდები, სტუდენტები, მშობლები შვილებთან და ოჯახის სხვა წევრებთან ერთად.

მთავარი ღონისძიების დაწყებამდე, ორბელიანის მოედნიდან ქაშვეთამდე, მსვლელობა გამართეს "ქართული ოცნების" ახალგაზრდული ფრთის წარმომადგენლებმა, რომლებიც რუსთაველის გამზირზე მთავარ ღონისძიებას შეუერთდნენ.

პარლამენტის ეზოში შეიკრიბნენ პრემიერი, პარლამენტის თავმჯდომარე, დედაქალაქის მერი, აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლების წარმომადგენლები. ნაწილი საზეიმო ღონისძიებაზე შვილებთან ერთად მივიდა. საკანონმდებლო ორგანოდან მათ ქაშვეთთან გადაინაცვლეს.

ქაშვეთთან და რუსთაველზე შეკრებილმა მოქალაქეებმა პატრიარქის მიმართვა მოისმინეს. ისმოდა ლოცვა, გალობა და ქართული სიმღერები.

ქაშვეთის ტაძართან შეკრებილ მოქალაქეებს საპატრიარქო ტახტის მოსაყდრემ მიმართა. მეუფე შიომ ოჯახური ღირებულებების დაცვის მნიშვნელობაზე გააკეთა აქცენტი და თქვა, რომ ოჯახის სიმტკიცე, ქვეყანაში მშვიდობის შენარჩუნებისთვის, განსაკუთრებით მნიშვნელოვანია. რუსთაველის გამზირიდან ისაუბრა საპატრიარქო ტახტის მოსაყდრემ ქვეყანაში ბოლო პერიოდში არსებულ დაპირისპირებასა და "უცხოური გავლენის გამჭვირვალობის კანონზე".

ქაშვეთთან, მეუფე შიომ პარაკლისი აღავლინა, რის შემდეგაც მსვლელობა დაიწყო. საქართველოს დროშებით, ხატებით, ბაირაღებით, სასულიერო პირები, სტიქაროსნებთან და მოქალაქეებთან ერთად, თავისუფლების მოედნისკენ დაიძრნენ.

თავისუფლების მოედნიდან მსვლელობა ჯერ პუშკინის ქუჩაზე, შემდეგ კი ბარათაშვილის ხიდზე გაგრძელდა. მოქალაქეები, რომლებიც ოჯახის სიწმინდის დღეს, ბოლო 10 წელია, ყოველწლიურად აღნიშნავენ, აცხადებდნენ, რომ დღეს ქუჩაში ხალხის უპრეცედენტო რაოდენობა იყო, მათთვის კი 17-მა მაისმა, წელს, ოჯახის სიწმინდის პატივისცემასთან ერთად, სხვა დატვირთვაც შეიძინა. ისინი ქუჩაში ეროვნული იდენტობის, ტრადიციების, ღირებულებისა და ღირსების დასაცავად გამოვიდნენ.

მრევლმა ბარათაშვილის აღმართი ფეხით აიარა. შეიკრა უწყვეტი ხაზი ავლაბრიდან რუსთაველამდე. მაშინ, როცა მსვლელობის მონაწილეების პირველმა ტალღამ სამების ეზომდე მიაღწია, უკანა ხაზი ჯერ კიდევ თავისუფლების მოედანზე იმყოფებოდა.

ფეხით მივიდნენ სამების საკათედრო ტაძრამდე პრემიერი, პარლამენტის თავმჯდომარე და დედაქალაქის მერი. სახელისუფლებო გუნდის წევრებმა თქვეს, რომ, დღევანდელი შეკრებით, ქართველმა ხალხმა, ფაქტობრივად, რეფერენდუმი აჩვენა უმრავლესობის ინიცირებულ იმ საკონსტიტუციო ცვლილებებზე, რომელიც ოჯახურ ღირებულებებსა და არასრულწლოვანთა დაცვას ეხება.

"ოჯახური ღირებულებების დაცვის შესახებ" კანონპროექტზე ისაუბრა საპატრიარქო ტახტის მოსაყდრემ სამების საკათედრო ტაძართან, სადაც მან მრევლს კიდევ ერთხელ მიმართა: "აუცილებლად უნდა მივიღოთ კანონი," - განაცხადა მეუფე შიომ.

სამების საკათედრო ტაძართან მიმართა შეკრებილებს ქვეყნის პრემიერ-მინისტრმაც. ირაკლი კობახიძემ აქცენტი დღევანდელი დღის მნიშვნელობაზე გააკეთა. პრემიერმა თქვა, რომ ხელისუფლება ყველაფერს გააკეთებს მთავარი ფასეულობების, სახელმწიფოსა და ეროვნული ინტერესების დასაცავად. "ქვეყნისა და მისი იდენტობის დაცვა კი თითოეული მოქალაქის პასუხისმგებლობაა", - ამასთან, პრემიერმა თქვა ისიც, რომ არიან ძალები, რომლებიც საზოგადოების ხელოვნურად გახლეჩას ცდილობენ.

მეუფე შიომ სამებაში სამადლობელი პარაკლისი გადაიხადა. მსახურებას, მრევლთან და სასულიერო პირებთან ერთად, ეკლესიაში დაესწრნენ მთავრობის წევრებიც.

ოჯახის სიწმინდის დღე ქვეყანაში უკვე 10 წელია აღინიშნება. ის სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა 2014 წელს დააწესა. ასეთი მასშტაბური მსვლელობა, დედაქალაქისა და მთელი ქვეყნის მასშტაბით, წელს პირველად მოეწყო.

დღის ამბები