27 ივლისი 2024,   03:54
ვრცლად
ხარკოვის ოლქს ოკუპანტები ინტენსიურად ბომბავენ - გასულ ღამეს, ფრონტის ხაზზე 114 საბრძოლო შეტაკება მოხდა

ხარკოვი კვლავ ცხელი წერტილია. ოლქს ოკუპანტები ინტენსიურად ბომბავენ. გასულ ღამეს ფრონტის ხაზზე 114 საბრძოლო შეტაკება მოხდა. უკრაინის თავდაცვის ძალები რეგიონში სასწრაფო მობილიზებას იწყებენ, ბრძანება ვოლოდიმირ ზელენსკიმ ხარკოვში, შტაბთან შეხვედრისას გასცა. ზელენსკი პარტნიორებს, ოლქის დასაცავად, ორ "პეტრიოტს" სთხოვს.

უკრაინის გენშტაბის მონაცემებით, ვოვჩანსკის ქუჩებში შეტაკებებია, ქალაქის დიდ ნაწილს რუსები აკონტროლებენ. ხარკოვის ოლქის საგამოძიებო სამსახურის ინფორმაციით, ოკუპანტებმა ვოვჩანსკის ჩრდილოეთ ნაწილში ტყვედ უკრაინის ორმოცი მოქალაქე აიყვანეს. სოფლებში ბრძოლების პარალელურად, მოსახლეობის ევაკუაცია მიმდინარეობს.

კვირაზე მეტია, რაც რუსეთი, ხარკოვის ოლქში, ქალაქ ვოვჩანსკს უტევს. ოლქის სამხედრო ადმინისტრაციის განცხადებით, უკრაინის თავდაცვის ძალებმა რუსეთის არმიის შტურმი შეაჩერეს, თუმცა ფრონტის ხაზის სტაბილიზება ამ დრომდე ვერ ხერხდება.

ინტენსიური დაბომბვების პარალელურად, პუტინი ირწმუნება, რომ მას ხარკოვის დაპყრობა არ სურს და რუსეთის მიზანი ხარკოვის ოლქში სანიტარული ზონის შექმნაა. პუტინმა ხარკოვის მიმართულებით თავდასხმაზე პასუხისმგებლობა კიევს დააკისრა და აღნიშნა, რომ რუსეთის მოსაზღვრე ტერიტორიებზე უკრაინის იერიშები არ წყდება.

აფეთქებებია რუსეთის მიერ ოკუპირებულ ყირიმში. ასევე - კრასნოდარის, ბელგოროდის, კურსკის ოლქებში. განადგურებულია ოკუპანტის ნავთობსაცავები, ხიდები, სამხედრო აეროდრომი, სავაჭრო პორტი. მედიის ინფორმაციით, ეს, ომის დაწყებიდან დღემდე, რუსეთის ტერიტორიაზე ყველაზე მასშტაბური იერიშია.

ავტორი: ლუკა ჩლაიძე. 
 

დღის ამბები