27 ივლისი 2024,   04:17
ვრცლად
სალომე ზურაბიშვილის ვეტო "უცხოური გამჭვირვალობის შესახებ" კანონს - დოკუმენტი პარლამენტს უკვე გადაეგზავნა

სალომე ზურაბიშვილის მოტივირებული შენიშვნები პარლამენტს უკვე გადაეგზავნა. პრეზიდენტი ვენეციის კომისიის რეკომენდაციებს არ დაელოდა და "უცხოური გამჭვირვალპობის შესახებ კანონს" ვეტო დღეს დაადო. სპეციალურ ბრიფინგზე ზურაბიშვილმა თქვა, რომ კანონი ცვლილებებს არ ექვემდებარება.

სალომე ზურაბიშვილის ვეტოს, სოციალურ ქსელში აფასებს უმრავლესობის ლიდერი. როგორც მამუკა მდინარაძე წერს, პრეზიდენტის გადაწყვეტილება მორიგი დასტურია იმისა, რომ კანონის წინააღმდეგ რეალური არგუმენტები და შენიშვნები არ არსებობს. უმრავლესობის ლიდერი იმასაც ამბობს, რომ ამით სალომე ზურაბიშვილმა უცხოელ პარტნიორებს პროცესში მონაწილეობა შეუზღუდა.

ხელისუფლების ოპონენტები ამბობენ, რომ ზურაბიშვილის მხრიდან ვეტოს გამოყენება მნიშვნელოვანი პოლიტიკური ნაბიჯია. როგორც ოპოზიციაში ფიქრობენ, მოტივირებული შენიშვნების შინაარს მნიშვნელობა არ აქვს, რადგან კანონზე სრული პასუხისმგებლობა მმართველ ძალას ეკისრება და გამოსავალზეც სწორედ მათ უნდა იფიქრონ.

პრეზიდენტის ვეტოს პარალელურად, სახელისუფლებო გუნდი ისევ მზადაა კანონთან დაკავშირებით კონკრეტული შენიშვნები მოისმინოს უცხოელი პარტნიორებისგან. მმართველი ძალა ვენეციის კომისიის რეკომენდაციებსაც ელოდება, რომელიც, სავარაუდოდ, მომდევნო კვირას გამოქვეყნდება. "ქართული ოცნება" ამ რეკომენდაციების გაწერას, სწორედ სალომე ზურაბიშვილის მოტივირებულ შენიშვნებში ელოდა.

რა წერია ვეტოში - ეს სავარაუდოდ მომდევნო კვირას, მას მერე გაირკვევა, რაც პარლამენტში, ბიუროს მოტივირებული შენიშვნები ოფიციალურად წარედგინება. უცხოური გავლენის გამჭვირვალობის კანონი მესამე მოსმენით საკანონმდებლო ორგანომ 14 მაისს მიიღო.

დღის ამბები