08 სექტემბერი 2024,   03:58
ვრცლად
ირანის პრეზიდენტის ავიაკატასტროფაში დაღუპვის შემდეგ, ქვეყნის მართვა მოჰამედ მოჰედს, ვიცე-პრეზიდენტს ევალება
ირანის პრეზიდენტი ყველა თანმხლებ პირთან ერთად დაიღუპა, - ჩამოვარდნილ ვერტმფრენში მყოფი ცხრავე ადამიანის სიკვდილს ირანის ვიცე-პრეზიდენტი ადასტურებს. 
 
ვრცელდება ავიაკატასტროფის ამსახველი პირველი კადრები, რომელიც დრონით არის გადაღებული. ვერტმფრენის ნამსხვრევებს, ირანის ჩრდილო-დასავლეთში მაშველებმა დაახლოებით 13 საათიანი ძებნის შემდეგ, გამთენიისას მიაგნეს. 
 
ირანის წითელი ნახევარმთვარის ორგანიზაციის ინფორმაციით, ვერტმფრენი მთლიანად დამწვარია. ირანის პრეზიდენტთან ერთად, ბორტზე იმყოფებოდა ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრიც, ასევე პროვინცია "აღმოსავლეთ აზერბაიჯანის" გუბერნატორი, ერთი სასულიერო პირი, ეკიპაჟის 3 და დაცვის 2 წევრი, საერთო ჯამში, 9 ადამიანი. 
 
ირანის დელეგაცია გუშინ ბაქოში იმყოფებოდა. ვერტმფრენი, მაშინ ჩამოვარდა, როცა ის აზერბაიჯანის სასაზღვრო ზონიდან ბრუნდებოდა და ქალაქ თავრიზისკენ მიფრინავდა.

რამდენიმე წუთის წინ, კატასტროფის ადგილიდან, ირანის პრეზიდენტისა და მასთან ერთად ბორტზე მყოფი რვა პირის ცხედრების ამოსვენების კადრები გავრცელდა. პარალელურად, თეირანში მთავრობამ სასწრაფო-საგანგებო შეხვედრა ჩანიშნა, მას შემდეგ, რაც პრეზიდენტისა და ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრის დაღუპვა ოფიციალურად დაადასტურა.

ადგილობრივი მედია, სხდომის დასრულების შემდეგ იუწყება, რომ სამგლოვიარო ცერემონიის დრო და დეტალები უახლოეს საათებში გახდება ცნობილი.

ირანის კონსტიტუციის თანახმად, იმ შემთხვევაში, როდესაც პრეზიდენტს არ შეუძლია შეასრულოს მოვალეობა ავადმყოფობის, სიკვდილის, ან იმპიჩმენტის და პარლამენტის მიერ გადაყენების გამო, ქვეყნის ვიცე-პრეზიდენტს, ამ შემთხვევაში, მოჰამედ მოჰედს ევალება მართოს ქვეყანა და პარლამენტის ხელმძღვანელობასთან და სასამართლო ხელისუფლებასთან ერთად ზედამხედველობა გაუწიოს საპრეზიდენტო არჩევნების ჩატარებას, მაქსიმუმ, 50 დღის განმავლობაში, თუმცა ეს მხოლოდ უზენაესი ლიდერის დასტურის შემდეგ უნდა მოხდეს, რომლის სიტყვაც გადამწყვეტია ყველა სახელმწიფო საკითხზე.
ირანში სახელმწიფო მეთაურად ირანის სულიერი ლიდერი აიათოლა მიიჩნევა, ხოლო მთავრობის მეთაურად კი ქვეყნის პრეზიდენტი.

დღის ამბები