27 ივლისი 2024,   03:05
ვრცლად
ირანი პრეზიდენტს ემშვიდობება - მთელი ქვეყნის მასშტაბით, 5-დღიანი გლოვაა გამოცხადებული

ირანი პრეზიდენტს ემშვიდობება - სამგლოვიარო ცერემონია დილით, ქალაქ თავრიზიდან დაიწყო. ქალაქიდან, სადაც პრეზიდენტი რაისი, საგარეო საქმეთა მინისტრთან და ბორტზე მყოფ 7 წევრთან ერთად მიდიოდა, თუმცა მათმა ვერტმფრენმა დადგენილ მარშრუტამდე ვერ მიაღწია. ავიაკატასტროფის შედეგად დაღუპული პრეზიდენტი თავრიზის ქუჩებში სამგლოვიარო მსვლელობით გააცილეს.

თავრიზიდან სამგლოვიარო პროცესიამ ჯერ შიიტთა წმინდა ქალაქ ყუმში, დღის ბოლოს კი თეირანში გადაინაცვლა. პრეზიდენტის, საგარეო საქმეთა მინისტრისა და გუბერნატორის ცხედრებს აეროპორტში ირანის მთავრობის წარმომადგენლები და სასულიერო პირები დახვდნენ.

თეირანის მოსახლეობა იბრაჰიმ რაისისთვის პატივის მიგებას მოსალას მეჩეთშიც შეძლებს, საიდანაც, მოგვიანებით, ცხედრებს, დაკრძალვამდე, ქალაქ მაშდადში, იმამ რეზის მეჩეთში გადაასვენებენ. იქ ლოცვას ირანის სულიერი ლიდერი - აიათოლა ალი ხამენეი აღავლენს. ირანის პრეზიდენტს თავის მშობლიურ ქალაქ მაშდადში ხუთშაბათს დაკრძალავენ.

მთელი ქვეყნის მასშტაბით, 5-დღიანი გლოვაა გამოცხადებული. ირანის სულიერი ლიდერის გადაწყვეტილებით, ყველა შენობაზე დროშები, მეორე დღეა, დაშვებულია. გლოვის პარალელურად კი, ოფიციალური თეირანი პოლიტიკურ საქმიანობას არ წყვეტს. უკვე ცნობილია, რომ საპრეზიდენტო არჩევნები 28 ივნისს ჩატარდება. მსურველებს კანდიდატად დარეგისტრირება 30 მაისიდან 3 ივნისის ჩათვლით შეეძლებათ. საარჩევნო კამპანია 12-დან 27 ივნისამდე გაგრძელდება. სულიერი ლიდერის, აიათოლა ალი ხამენეის თანხმობით, ახალი პრეზიდენტის არჩევამდე მოვალეობას მოჰამედ მოხბერი შეასრულებს.

პარალელურად, ირანმა, ვერტმფრენების ჩამოვარდნასთან დაკავშირებით, გამოძიებაც დაიწყო. ოფიციალური თეირანის ინფორმაციით, მიზეზი უამინდობა გახდა. თუმცა, ამ ვერსიის არც ქვეყნის შიგნით და არც მის ფარგლებს გარეთ არ სჯერათ. ავიაკატასტროფიდან რამდენიმე საათის შემდეგ, უკვე გაჩნდა კითხვები ვერტმფრენის ტექნიკურ გაუმართაობასთან დაკავშირებით. დღეს ამ ვერსიაზე ყურადღება უკვე ირანის მეგობარ რუსეთში გამახვილდა. ოფიციალურმა მოსკოვმა ტრაგედიის უკან, ტრადიციულად, აშშ დაინახა.

შტატებმა ბრალდებები უარყო და საკმაოდ ხისტი პასუხი გასცა კრიტიკოსებს. სახელმწიფო დეპარტამენტში ითქვა ისიც, რომ სამწუხაროა ირანის პრეზიდენტის დაღუპვა, თუმცა, ამერიკას პოზიცია არ შეუცვლია - შტატები ირანელი ხალხის მხარდაჭერის პარალელურად, სანქციების რეჟიმის აღსრულებას ისევ განაგრძობს.

ირანის სულიერმა ლიდერმა, რომელსაც ქვეყნის საგარეო პოლიტიკასა და ირანის ბირთვულ პროგრამაზე ძალაუფლება აქვს, ვაშინგტონის განცხადება უპასუხოდ დატოვა. აიათოლა ალი ხამენეიმ, წერილობით, მადლობა მხოლოდ მეგობარ ქვეყნებს გადაუხადა. მათ შორის არის სირია, ლიბანი და თურქეთი. სამივე ქვეყანაში, ირანში მომხდარი ავიაკატასტროფის გამო, გლოვა გამოცხადდა.

ვერტმფრენი, რომელშიც ირანის პრეზიდენტი იბრაჰიმ რაისი და საგარეო საქმეთა მინისტრი ჰოსეინ ამირ-აბდოლაჰიანი იმყოფებოდნენ, 19 მაისს ჩამოვარდა. მაშინ, როდესაც რაისი ირან აზერბაიჯანის სასაზღვრო ზონიდან ბრუნდებოდა და ჩრდილო-დასავლეთით მდებარე ქალაქ თავრიზისკენ მიემართებოდა.

დღის ამბები