27 ივლისი 2024,   03:33
ვრცლად
ჰააგის პროკურორი ჰამასის ლიდერებსა და ნეთანიაჰუს შორის ტოლობის ნიშანს სვამს - რა მოხდება, თუ სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლო ისრაელის პრემიერის დაკავების ორდერს გასცემს

ღაზაში ისრაელის იერიშებიდან 7 თვის თავზე, სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს პროკურორი კარიმ ხანი ისრაელის პრემიერ-მინისტრი, თავდაცვის მინისტრის და "ჰამასის" ლიდერების დაკავების ორდერის გაცემას მოითხოვს. საუბარია ომის დანაშაულებსა და კაცობრიობის წინააღმდეგ დანაშაულზე. პროკურორმა მისი ოფისის მიერ შეგროვილი მტკიცებულებების საფუძველზე დაასკვნა, რომ ნეთანიაჰუმ და გალანტმა ღაზაში შიმშილი იარაღად გამოიყენეს.

"რეალობის სრული დამახინჯება" და "ახალი ანტისემიტიზმის" მაგალითი, რომელიც კოლეჯების კამპუსებიდან ჰააგაში გადავიდა - სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს პროკურორის განცხადება ისრაელში ამ სიტყვებით გაკრიტიკეს. ბენიამინ ნეთანიაჰუ აცხადებს, რომ "ჰამასსა" და ისრაელის სამხედრო ძალებს შორის ტოლობის ნიშანი არ არსებობს.

ჰააგის სასამართლოს პროკურორის გადაწყვეტილებით, ისრაელის მსგავსად აღშფოთებულია შეერთებული შტატებიც. ის, რაც ღაზაში ხდება, პრეზიდენტ ბაიდენისთვის გენოციდი არ არის - მან საკუთარ სიტყვაში ისრაელის მიმართ ურყევი მხარდაჭერა კიდევ ერთხელ გამოხატა. წარმომადგენელთა პალატის სპიკერმა კი დაიმუქრა, რომ ჰააგის სასამართლოსა და მისი ხელმძღვანელობას ამ გადაწყვეტილების საპასუხოდ სანქციებს დაუწესებს. ბენიამინ ნეთანიაჰუსა და მისი მთავრობის წარმომადგენლებს შეხვდნენ დონალდ ტრამპის საგარეო პოლიტიკის მრჩევლები.

ჰააგის პროკურორის განცხადებამ აზრი ორად გაყო ევროპის კონტინენტზე. საფრანგეთი ჰააგის სასამართლოს გადაწყვეტილებას ისრაელის პრემიერისა და "ჰამასის" ლიდერების დაპატიმრების ორდერის მოთხოვნის შესახებ მხარს უჭერს. გერმანია კი ვერ ხედავს ჰამასაა და ისრაელს შორის ტოლობის ნიშანს. ყველა სახელმწიფო, რომელმაც მოახდინა ჰააგის სასამართლოს წესდების რატიფიცირება, ვალდებულია, შეასრულოს სასამართლოს გადაწყვეტილებები- ეს კი ევროკომისიის ვიცე-პრეზიდენტის ჟოზეფ ბორელის პოზიციაა კარიმ ხანის განცხადებაზე.

კარიმ ხანის მიმართვა სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლომ უნდა განიხილოს. სასამართლომ უნდა თქვას საბოლოო სიტყვა - არის თუ არა საკმარისი მტკიცებულებები დაკავების ორდერების გასაცემად.
 

 

დღის ამბები