27 ივლისი 2024,   04:56
ვრცლად
ვენეციის კომისიის დასკვნა, სამწუხაროდ, ქვეყანაში საპროტესტო მუხტის გაღვივებას ემსახურება - ნინო წილოსანი

"ქართულ ოცნებაში" ამტკიცებენ, რომ ვენეციის კომისიის დასკვნა პოლიტიკური გზავნილებით არის გაჯერებული, რომელიც, დამატებით, არაერთ ფაქტობრივ შეცდომას შეიცავს.

საპარლამენტო უმრავლესობის აზრით, წერილში სამართლებრივი მსჯელობა პრაქტიკულად არ არის და ევროპის საბჭოს საკონსულტაციო ორგანოს მანიპულაციურ მიდგომებსა და საქართველოში საპროტესტო მუხტის გაღვივების მცდელობაში ადანაშაულებენ.

"შინაარსობრივი არგუმენტები არც ქვეყნის შიგნით, არც ქვეყნის გარეთ არცერთ ექსპერტსა თუ წარმომადგენელს არ მოუწოდებია. ვენეციის კომისიის ეს დასკვნაც, სამწუხაროდ, ქვეყნის შიგნით საპროტესტო მუხტის გაღვივებას ემსახურება.

ჩვენი მხრიდან აქამდე არსებული შეთავაზება შინაარსის კუთხით ამ კანონის დახვეწასთან დაკავშირებით ასევე ძალაშია, თუმცა, რა თქმა უნდა, ვერ ვიღებთ და ვერ მივიღეთ ამ დრომდე ჩვენი პარტნიორების მხრიდან ამ მუხლების გაუმჯობესების ვერცერთი შემოთავაზება," - აღნიშნა ვიცე-სპიკერმა, ნინო წილოსანმა.

ირაკლი ქადაგიშვილის განცხადებით, ვენეციის კომისიის დასკვნაში პოლიტიკური მოტივაცია უფრო მეტია, ვიდრე - სამართლებრივი.

"ასევე, არის მთელი რიგი ფაქტობრივი დამახინჯებები, ამას უზუსტობასაც ვერ დავარქმევთ. აქედან ჩანს, რომ ეს არის ორკესტრირებული პოლიტიკური პოზიციის ნაწილი," - აცხადებს საპარლამენტო უმრავლესობის წევრი.

ცნობისთვის, ვენეციის კომისიამ გამჭვირვალობის კანონთან დაკავშირებით დასკვნა 21 მაისს გამოაქვეყნა.

 

დღის ამბები