15 ნოემბერი 2024,   08:21
ვრცლად
დაბალინფლაციური გარემოს ფონზე, სებ-ის გადაწყვეტილება მოსალოდნელი იყო - ლაშა ქავთარაძე

Galt & Taggart-ის ანალიტიკოსმა ლაშა ქავთარაძემ ეროვნული ბანკის ფინანსური სტაბილურობისა და მონეტარული პოლიტიკის კომიტეტების გადაწყვეტილება შეაფასა, რომლის თანახმადაც სებ-მა მონეტარული პოლიტიკის განაკვეთი 0,25 პროცენტული პუნქტით 8 პროცენტამდე შეამცირა.

"ეროვნული ბანკი გამოვიდა ზუსტად იქიდან, რომ საქართველოში დაბალინფლაციური გარემო ნარჩუნდება და მთლიანი ინფლაცია კვლავ მიზნობრივი მაჩვენებლის ქვემოთაა. აპრილში წლიური ინფლაცია 1,5%, ხოლო წინა თვეებში 1%-ზე დაბალი იყო. არ არის მოსალოდნელი, რომ დარჩენილი წლის განმავლობაში, ინფლაცია იმ დონეს მიაღწევს, რომ საშუალო წლიური მაჩვენებელი 2024 წლის მიზნობრივ მაჩვენებელზე 3%-ზე მაღალი აღმოჩნდეს. აქედან გამომდინარე სებ-მა მიიღო გადაწყვეტილება, რომ მონეტარული პოლიტიკის განაკვეთი 0,25 პროცენტული პუნქტით 8%-მდე შეემცირებინა", - ამბობს ლაშა ქავთარაძე.

Galt & Taggart-ის ანალიტიკოსის შეფასებით, რეფინანსირების განაკვეთი მთელი წლის განმავლობაში შენარჩუნდება.

მისივე თქმით, წლის განმავლობაში მცირედი რყევები შესაძლებელია, თუმცა ლარის გაცვლითი კურსი აშშ დოლართან მიმართებით 2,7 -2,8 ფარგლებში იქნება შენარჩუნებული.

"აქედან ზეწოლა ინფლაციაზე არ იქნება. სწორედ ეს არის ძირითადი საფუძველი იმისა, რომ სებ-მა მონეტარული პოლიტიკა კიდევ შეამცირა", - ამბობს ქავთარაძე.

ქავთარაძის შეფასებით, რეფინანსირების განაკვეთის შესახებ გადაწყვეტილების მიღებისას, გეოპოლიტიკური რისკები ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორია.

"მიმდინარე პერიოდში, როცა წლიური ინფლაცია გაიზარდა 1,5%-მდე, ეს ნავთობპროდუქტების კომპონენტიდან მომდინარეობდა. მსოფლიო ბაზაზე იყო მცირედი ზრდა და ეს გადმოგვეცა იმპორტირებული ინფლაციის სახით. თუ შევხედავთ წინა თვეების იმპორტირებულ ინფლაციას, მომატებულია აპრილის თვეში. თუმცა მიმდინარე საბაზისო პროგნოზით, არ არის მოსალოდნელი, რომ იმპორტირებული ინფლაცია იმდენად გაიზარდოს, რომ ამან გავლენა მოახდინოს მთლიან ინფლაციაზე. სებ-ი უყურებს მოთხოვნიდან ზეწოლას, ამასთან პროგნოზები ეკონომიკურ ზრდასთან დაკავშირებით იქითკენაა, რომ ის დაუახლოვდება პოტენციურ დონეს და შესაბამისად აქედან ზეწოლა დიდი არ იქნება. მთლიანობაში, რა მოცემულობაც არის არსებული რისკების გათვალისწინებით, დიდი ალბათობით ინფლაცია 3%-ზე დაბალ ნიშნულზე შენარჩუნდება", - ამბობს ქავთარაძე.

დღის ამბები