27 ივლისი 2024,   04:50
ვრცლად
"ნაციონალური მოძრაობა" მოუწოდებს "ქართული ოცნების" ყველა წევრს - ნუ გააგრძელებენ საქართველოს კიდევ უფრო ღრმა ჩიხში შეყვანას - ზურაბ ჭიაბერაშვილი

"ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" საერთაშორისო ურთიერთობების მდივანი, ზურაბ ჭიაბერაშვილი "ქართული ოცნების" წევრებს მოუწოდებს, კარგად დაფიქრდნენ, ვიდრე "უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ" კანონს პრეზიდენტის მიერ დადებულ ვეტოს მოხსნიან.

ჭიაბერაშვილმა აღნიშნა, რომ, ვეტოს არგადალახვის შემთხვევაში, ჯერ კიდევ არის შანსი, აშშ-მა "ქართული ოცნებისთვის" არასასურველი ნაბიჯების გადადგმისგან თავი შეიკავოს. 

"მკაფიოდაა ნათქვამი, რომ თუ არ გადაილახება ვეტო, ჯერ კიდევ არის შანსი, რომ არ მოხდეს ისეთი ნაბიჯების გადადგმა ჩვენი მეგობრებისგან, რომელიც კიდევ უფრო დაამძიმებს ამ რუსული რეჟიმის მსახურებისა და მათი ოჯახის წევრების მდგომარეობას.

"ერთიანი ნაციონალური მოძრაობა" მოუწოდებს "ქართული ოცნების" ყველა წევრს - ნუ გააგრძელებენ საქართველოს კიდევ უფრო ღრმა ჩიხში შეყვანას. სამშაბათამდე არის დრო ყველასთვის, დაფიქრდეს, რამდენად კრიტიკულია ეს მომენტი საქართველოსთვის,"- აცხადებს ზურაბ ჭიაბერაშვილი.

შეგახსენებთ, რომ ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის გავრცელებული განცხადებით, შემუშავდება სავიზო შეზღუდვის ახალი პოლიტიკა, რომელიც გავრცელდება იმ პირებზე, ვინც პასუხისმგებელია საქართველოში დემოკრატიის შელახვაზე, ასევე, მათი ოჯახის წევრების მიმართ.

ენტონი ბლინკენის განცხადებაში აღნიშნულია, რომ "ნებისმიერი, ვინც ძირს უთხრის დემოკრატიულ პროცესებს ან ინსტიტუტებს საქართველოში, შეიძლება აღმოჩნდეს შეუსაბამო შეერთებული შტატების ვიზების მიღების და შეერთებულ შტატებში გამგზავრებისთვის. დღესვე ვიწყებ ამერიკასა და საქართველოს შორის ორმხრივი თანამშრომლობის ძირეულ გადახედვას, იმედი გვაქვს, საქართველოს ლიდერები გადახედავენ კანონპროექტს და გადადგამენ ნაბიჯებს ერის დემოკრატიული, ევროატლანტიკური მისწრაფებებისკენ".

დღის ამბები