ეროვნული ბანკის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებლის განცხადებით, სპეკულაციაა იმაზე ლაპარაკი, რომ შტატებიდან მოსალოდნელი სანქციები საბანკო სექტორსა და ლარის კურსს დააზიანებს. ამის შესახებ ნათია თურნავამ ისაუბრა პარლამენტის ფინანსური კომიტეტის სხდომაზე, რომელზეც 2023 წლის ანგარიში წარადგინა. მისი თქმით, ეროვნული ბანკის დროულმა რეაგირებამ ფასების სტაბილურობა უზრუნველყო. მისივე განცხადებით, 2023 წლის დასაწყისიდან ინფლაციამ შემცირება დაიწყო და მარტის შემდგომ მიზნობრივ სამ პროცენტზე დაბალი ნარჩუნდება. ნათია თურნავას განცხადებით სწორედ ინფლაციური ტენდენციების გათვალისწინებით, ეროვნულმა ბანკმა 2023 წლის დასაწყისიდან მკაცრი მონეტარული პოლიტიკიდან გამოსვლა დაიწყო.
"ეროვნული ბანკის ადეკვატურმა და დროულმა რეაგირებამ, ადეკვატურმა მონეტარულმა პოლიტიკამ განაპირობა ინფლაციის შემცირება. ამან უკვე გასული წლის გაზაფხულიდან მოგვცა საშუალება, რომ ძალიან ფრთხილად და ეტაპობრივად დაგვეწყო მონეტარული პოლიტიკის შერბილება და რეფინანსირების განაკვეთის ეტაპობრივი კლება.
ჩვენ აქტიურად ვაკვირდებით ეკონომიკურ ტენდენციებს როგორც მოგახსენეთ, გლობალურად მიმდინარე მოვლენებს და ჩვენი რეაგირებაც იქნება ადეკვატური.
სანქციებთან დაკავშირებით, მინდა, კიდევ ერთხელ ვთქვა, რომ ის ჩარჩო, რომელიც დღეს გააჩნია ჩვენს საფინანსო სისტემას, ჩვენს ბანკებს, რეგულაციები, რომელიც შედგება ჩვენი ეროვნული ბანკის მიერ დაწესებული რეგულაციებით და კანონმდებლობით ჯამში არის ერთ-ერთი ყველაზე ძლიერი ამ რეგიონში, ერთ-ერთი ყველაზე მკაცრი, ერთ-ერთი ყველაზე გამჭვირვალე. ბანკები არიან სრულად ინსტრუქტირებულები რა, როდის და როგორ უნდა გააკეთონ და ამასთან ერთად, ჩვენ ვახორციელებთ რა ჩვენი რეგულაციების მუდმივ დახვეწას, ახლა უკვე მოვიყვანეთ იგი სრულ შესაბამისობაში ჩვენს ადგილობრივ კანონმდებლობასთან.
მერწმუნეთ, რომ სანქციების აღსრულების პროცესი და ამის ჩარჩო რომ იყოს ეროვნულ კანონმდებლობასთან შესაბამისობაში, ესეც ძალიან მნიშვნელოვანია იმისთვის, რომ არაფერი შეფერხება არ შეიქმნას სანქციების აღსრულებაში, არ გახდეს ეს სასამართლო გადახედვის საგანი და ა.შ.
მინდა ვთქვა, რომ არაფერი ამ კუთხით ჩვენს საფინანსო სისტემას არ ემუქრება,“ - აცხადებს ეროვნული ბანკის პირველი ვიცე-პრეზიდენტი ნათია თურნავა.