27 ივლისი 2024,   03:34
ვრცლად
ვხედავთ გარკვეულ ქმედებებს, რომლებიც ქმნიან საქართველოსთვის დამატებით საფრთხეებს და გვაძლევს საფუძველს ვიფიქროთ, რომ არსებობს ძალები, რომლებსაც დესტაბილიზაციის სურვილი აქვთ - მაკა ბოჭორიშვილი

საქართველოში მიმდინარე მოვლენებთან და უცხოური გავლენის გამჭირვალობის კანონთან დაკავშვირებით, გერმანულ გამოცემა "დოიჩე ველესთან" ვრცლად ისაუბრა პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ.

მაკა ბოჭორიშვილის განცხადებით, კანონთან დაკავშირებით გამიზნულად მიმდინარეობს დეზინფორმაციის გავრცელება. მისივე განმარტებით, კონკრეტულ ძალებს სურვილი აქვთ ქვეყნაში იყოს არეულობა და დესტაბილიზაცია. ბოჭორიშვილმა გამოცემას მტკიცედ დაუდასტურა, რომ საქართველოს გზა მიმართულია ევროინტეგრაციისკენ.

“შეიძლება არც ისე ბევრმა იცის, რომ ჩვენ 25000-ზე მეტი ორგანიზაცია გვყავს რეგისტრირებული საქართველოში, რომლებიც თავს სამოქალაქო საზოგადოებად თვლიან. მათი უმეტესობა კი უცხოური სახსრებით ფინანსდება. ბოლო დროს კი ვხედავთ, რომ არასამთავრობო ორგანიზაციებსა და პოლიტიკურ პარტიებს შორის ზღვარი არ არსებობს და როდესაც ეს ხდება, მაშინ დაფინანსება უკვე პოლიტიკურ პარტიებზე მიდის. ეს, რა თქმა უნდა, პრობლემაა.

ჩვენ ვხედავთ გარკვეულ ქმედებებს, რომლებიც ქმნიან საქართველოსთვის დამატებით საფრთხეებს და რაც გვაძლევს საფუძველს ვიფიქროთ, რომ არსებობს გარკვეული ძალები, რომლებსაც აქვთ სურვილი საქართველოში დესტაბილიზაციის.

ჩვენ ძალიან სერიოზულად ვუყურებთ საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობას. პარტნიორებს შორის უნდა იყოს მეტი დიალოგი და მეტი გაგება - სწორედ ამას ველით ჩვენი პარტნიორებისგან და უცხოელი მეგობრებისგანაც.

კარგი იქნება იმის მითითება, თუ რა არის გამჭვირვალობა და რატომ მოდის წინააღმდეგობაში ევროპულ წესებთან , ასევე რატომ არ აქვს ქართულ საზოგადოებას უფლება ჰქონდეს იგივე იარაღები ხელში დემოკრატიის დასაცავად, რაზეც საუბრობენ ევროპულ საზოგადოებაში უცხოური გავლენის გამჭვირვალობაზე, როგორც დემოკრატიის დაცვის ერთ-ერთ ინსტრუმენტზე. რატომღაც აღმოჩნდა, რომ ქართული კანონმდებლობა იმავე პრობლემის მოსაგვარებლად, რაზეც ევროპელებიც მსჯელობენ რუსული გახდა. ეს პრობლემაა," - აცხადებს მაკა ბოჭორიშვილი.

დღის ამბები