15 ნოემბერი 2024,   08:15
ვრცლად
ჩინეთში უმსხვილეს ტურისტულ გამოფენაზე საქართველომ წელს პირველად მიიღო მონაწილეობა

ჩინეთი, შანხაი - 1600 მონაწილე 80 ქვეყნიდან, 50 თემატური სექცია - ეს ITB CHINA 2024-ია. უმსხვილეს ტურისტულ გამოფენაზე საქართველომ წელს პირველად მიიღო მონაწილეობა. "მრავალფეროვანი ტურიზმი, გამორჩეული ბუნება, კულინარიული ხელოვნება, ღვინის 8000 წლიანი ისტორია და განსაკუთრებული სტუმართმოყვარეობა" - ჩინეთმა გამოფენის ოფიციალურ საიტზე ქართული მხარე სწორედ ასე დაახასიათა.

საქართველოსთვის გამოყოფილ სტენდთან, დამთვალიერებლებს საშუალება ჰქონდათ გასცნობოდნენ საქართველოს ტურისტულ პროდუქტებსა და საიმიჯო ვიდეორგოლებს. გამოფენის ფარგლებში, საქართველოს ტურიზმის სექტორის წარმომადგენლებმა პოტენციურ პარტნიორებთან შეხვედრები გამართეს.

ქართულ სტენდს ITB-ის აღმასრულებელი დირექტორი ჩინეთის უმსხვილეს ტურისტულ კომპანიებთან ერთად გაეცნო. მარიო ტობიასის თქმით, საქართველოს ტურისტების მოზიდვის დიდი პოტენციალი აქვს.

გამოფენას 10-მდე ქართული კერძო კომპანია ესწრებოდა. სვანეთი, სამეგრელო, აჭარა, იმერეთი - მასშტაბურ გამოფენაზე ქართული კუთხეები სხვადასხვა ფორმით იყო წარმოდგენილი.

მასშტაბურ გამოფენაზე ქართულ სტენდთან მოსულ სტუმრებს კიდევ ერთი სიახლე დახვდათ - ტურიზმის ეროვნულმა ადმინისტრაციამ, ბრიტანული ელექტრონული მუსიკის პროექტის Jungle-ს კონცერტზე დასასწრებად ბილეთები გაათამაშა.

ITB მსოფლიოს მასშტაბით ერთ-ერთი უმსხვილესი ტურისტული გამოფენაა, რომელიც 2017 წლიდან იმართება. ღონისძიება სხვადასხვა ქვეყნის მცირე თუ საერთაშორისო მნიშვნელობის კომპანიებს ერთმანეთთან აახლოებს.

 

დღის ამბები