სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, 2023 წელს საქართველოში სიღარიბის მაჩვენებელი, წინა წელთან შედარებით, 3.8 პუნქტით შემცირდა და 11.8% შეადგინა, რაც იმას ნიშნავს, რომ სიღარიბეს თავი 145 000-ზე მეტმა ადამიანმა დააღწია. საქსტატის ცნობით, 2023 წელს აბსოლუტური სიღარიბის მაჩვენებელი მნიშვნელოვნად შემცირდა როგორც ქალაქებში, ასევე - სოფლის ტიპის დასახლებებში. უწყების ანგარიშის მიხედვით, ამავე წელს, სიღარიბის მაჩვენებელი, წინა წელთან შედარებით, შემცირებულია მოსახლეობის ყველა ასაკობრივ ჯგუფსა და სქესში.
საქართველოს მთავრობის შეფასებით, მონაცემები ისტორიულ მინიმუმზეა. ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროებში განაცხადეს, რომ სიღარიბის ასეთი ტემპით შემცირება შესაძლებელი გახდა საქართველოს მთავრობის თანამიმდევრული ეკონომიკური პოლიტიკის შედეგად, რაც, როგორც მაღალმა ეკონომიკურმა ზრდამ, ისე მიზნობრივმა სოციალურმა პოლიტიკამ განაპირობა.
საქსტატის მონაცემები შეაფასეს საკანონმდებლო ორგანოშიც. მმართველ გუნდში განაცხადეს, რომ სიღარიბის დონის ისტორიულ მინიმუმამდე დაწევა მთავრობის სწორი პოლიტიკის დამსახურებაა. ოპოზიცია კი სიღარიბის მაჩვენებლის შემცირებას მიგრაციას უკავშირებს.
პოზიტიური მოლოდინები აქვთ ეკონომისტებსაც. ანალიტიკოსები მიიჩნევენ, რომ საქართველოს ეკონომიკის ზრდა პირდაპირ, ადეკვატურად აისახება მოსახლეობის კეთილდღეობის ზრდასა და სიღარიბის მაჩვენებლის შემცირებაზე. ექსპერტები ვარაუდობენ, რომ ტენდენცია საშუალოვადიან პერიოდშიც შენარჩუნდება.
სტატისტიკის ეროვნულმა სამსახურმა 2023 წლის სიღარიბის მაჩვენებელი და ჯინის კოეფიციენტები დღეს გამოაქვეყნა.